„რუსთავი 2-ზე“ თავდასხმაში მონაწილე პირების აღმკვეთ ღონისძიებას სასამართლო დღეს გადაწყვეტს. ე.წ. ქართული მარშის წევრების პროცესი ამ წუთებში იწყება. „რუსთავი 2“-ზე თანამშრომლებზე თავდასხმაში 6 ადამიანს ადანაშაულებენ. მათგან ორს გუშინ ბრალი დაუმძიმდათ. ბრალდება 6-ვე მათგანისთვის პატიმრობას ითხოვს.
დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ დაკავებულები აღკვეთის ღონისძიების გარეშე უნდა დარჩნენ. ადვოკატის თქმით, მათ სისხლის სამართლებრივი დანაშაული არ ჩაუდენიათ და ისინი მშვიდობიან აქციას მართავდნენ.
დაკავებულები უკვე საქალაქო სასამართლოში იმყოფებიან. პროცესზე დასწრებას ე.წ. ქართული მარშის წევრები გეგმავენ, მათ შორის, სანდრო ბრეგაძეც იმყოფება.
სანდრო ბრეგაძეს მიაჩნია, რომ რუსთავი 2-თან ძალადობრივი ქმედებები არ ყოფილა და ე.წ. ქართული მარში მშვიდობიან აქციას მართავდა.
„იმ ქვეყანაში, სადაც თანამდებობის პირებისთვის გინება ჩვეულებრივი ამბავი არის და პარლამენტის თუ საკრებულოს სხდომებზე ერთმანეთს ცხვირ-პირს ალეწავენ, მე ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად, უსამართლობა იქნება, რომ 6 ახალგაზრდას შეეფარდოს პატიმრობა. თუ გინებისთვის ამ ახალგაზრდებს შეეფარდებათ პატიმრობა, მაშინ უმაღლესი თანამდებობის პირები, კარგა ხნის დაპატიმრებულები უნდა იყვნენ,“ - განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.
ე.წ. ქართული მარშის წევრების თქმით, თუ მოსამართლე დაკავებულებს არ გაათავისუფლებს, მაშინ სამოქმედო გეგმას პროცესის დასრულების შემდეგ გააცნობენ საზოგადოებას.
ხუთივე დაკავებულის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის სამი მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას, სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას და წინასწარ შეთანხმებით ჯგუფურ ხულიგნობას გულისხმობს. სამივე მუხლი სასჯელის სახით პატიმრობას ითვალისწინებს.
ე.წ. "ქართული მარშის" წევრები "რუსთავი2"-ს თავს დაესხნენ. ისინი ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას გადაცემა პ.ს-ში საკადრო ტექსტის შინაარსს აპროტესტებდნენ. ისინი აცხადებდნენ, რომ ჟურნალისტმა მათი რელიგიური გრძნობები შეურაცხყო.
"ქართული მარშის" წევრებმა გიორგი გაბუნიას და სამაუწყებლო კომპანიის იურისტს, თამთა მურადაშვილს თავს დაესხნენ და დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში მათ თავისუფლება აღუკვეთეს.