გურამ ბრეგაძეს რუსთავის თეატრის დატოვება მოუწია. ეს გადაწყვეტილება რეჟისორმა ხმამაღალი განცხადებების შემდეგ მიიღო, რასაც თეატრალური საზოგადოების წევრების პროტესტი და კრიტიკა მოჰყვა. რეჟისორმა მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ფულის უკანონო მითვისებაში, კულტურის სამინისტროს მაღალჩინოსანი კი ამავე კორუფციული გარიგებების მიჩქმალვაში დაადანაშაულა.
„არ ვიყავით მანანა ბერიკაშვილივით და დიმა ხვთისიაშვილივით მდიდრები, არ ვაკეთებდით ფულს, იყავით წესიერი ხალხი,“-განაცხადა გურამ ბრეგაძემ რუსთავის თეატრის სცენიდან.
თითქმის ანალოგიური შინაარსის განცხადება გურამ ბრეგაძემ მისი ბოლო სპექტაკლის ”ელისაბედ, ელისაბედის” პრემიერის დასრულების შემდეგ გააკეთა. როცა რეჟისორი კულისებში გავიდა და სცენაზე ფარდა დაეშვა, ბრეგაძესთან რუსთავის მერიის წარმომადგენლები, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და თეატრალური საზოგადოების წევრები მივიდნენ და განცხადებისთვის გააკრიტიკეს. უკმაყოფილება კი იმით ახსნეს, რომ ბრეგაძემ თეატრის სცენა პირადი ინტერესებისთვის და პოლიტიკური განცხადებებისთვის გამოიყენა.
ოფიციალური წერილით პოზიციის დატოვებაზე რეჟისორს თეატრის ხელმძღვანელობისთვის ჯერ არ მიუმართავს.
ავტორი: ელენე ფირცხალაიშვილი.