პირველი არხის მონტაჟის ყოფილ რეჟისორს, მამუკა ბერძენიშვილს მხარდაჭერას უცხადებენ - ამ წუთებში ნარკომოხმარებისთვის მსჯავრდებულის მხარდასაჭერად ერთობლივ მიმართავს ავრცელებენ სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები. ისინი საზოგადოებრივ მაუწყებელთან არიან შეკრებილები.
მაუწყებლის თანამშრომელს, მამუკა ბერძენიშვილს 2 გრამი MDMA-ის შეძენა-შენახვა-მოხმარებისთვის სასამართლომ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ბერძენიშვილის მხარდამჭერები პარლამენტს მიმართავენ და ჰუმანური ნარკოპოლიტიკის მხარდაჭერას და კანონში ცვლილებების შეტანას ითხოვენ.
აქციის მონაწილეები მოუწოდებენ პრეზიდენტს მამუკა ბერძენიშვილის საქმე შეწყალების კომისიამ განიხილოს.
მამუკა ბერძენიშვილის მეგობარი, გიორგი ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მინიმალური დოზის გამო 8 წლით თავისუფლების აღკვეთა არაადეკვატური ნაბიჯია.
„მოვითხოვთ, რომ სასწრაფოდ პარლამენტმა მიიღოს ცვლილებები და ამაზე უკვე დიდი ხანია, ვსაუბრობთ, მაგრამ სამწუხაროდ, მაინც არადა არ ხდება ეს და იმედია, რომ ძალიან მალე და სწრაფად მოხდება კანონმდებლობაში ცვლილებები და პირადი მოხმარებისთვის მინიმალური დოზების გამო ადამიანები ციხეში აღარ წავლენ,“ - განაცხადა გიორგი ზურაბიშვილმა.
მამუკა ბერძენიშვილის და, მარიამ ბერძენიშვილი აღნიშნავს, რომ ნარკომომხმარებლების მიმართ სახელმწიფო პოლიტიკა ლიბერალური უნდა იყოს.
„ვთხოვთ საქართველოს პრეზიდენტს, ამ შემთხვევაში, მამუკა ბერძენიშვილის შეწყალებას,“ - განაცხადა მარიამ ბერძენიშვილმა.
მამუკა ბერძენიშვილი პოლიციამ გასული წლის ზაფხულში დააკავა, ხოლო სასამართლომ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მას 2018 წლის 21 მარტს მიუსაჯა.