"თვითონ მაიძულეს, რომ მიმემართა ამ ბერკეტისთვის," - ეს განცხადება ზაზა სარალიძემ გვიან ღამით, პარლამენტის შენობასთან მას შემდეგ გააკეთა, რაც მიმდინარე აქციებში პოლიტიკური პარტიების ჩართვის გადაწყვეტილება მიიღო.
მისი თქმით, მისი მიზანია დაისაჯოს უკლებლივ ყველა, ვინც მისი შვილის მკვლელის გამოვლენას ხელს უშლის.
"დღემდე არანაირი სურვილი არ მქონდა პოლიტიკა ჩართულიყო ამ საქმეში, მაგრამ თვითონ მაიძულეს მე უკვე რომ მიმემართა ამ ბერკეტისთვის და მე ვამბობ - ნებისმიერ ბერკეტს მივმართავ რომ ყველა იყოს დასჯილი ვინც მფარველობდა ამ გამოძიებას, ვინც შეკერა ეს საქმე და ყველა მკვლელებიდან დაწყებული, მეეზოვიდან დაწყებული თუ ვინც მიიღო მონაწილეობა იქამდე დამთავრებული ვინც მფარველობდა ამ გამოძიებას,"-აცხადებს ზაზა სარალიძე.
ამავე თემაზე ისაუბრა პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, რომელიც აქციების პირველივე დღიდან ზაზა სარალიძის გვერდითაა და მხარდაჭერას უცხადებს მას.
"6 თვე გავიდა, მაგრამ აქ მარტო იყო ჩვენზე დაცინვა, მეტი არაფერი. რამენაირად ხომ უნდა დავსაჯოთ ჩვენი შვილების მკვლელები ყველა გზა უნდა გამოვიყენოთ და გამოვიყენებთ კიდეც,"-მალხაზ მაჩალიკაშვილი.
ზვიად კუპრავას თქმით ერთობლივი ძალებით საბოლოო მიზანი მიღწეული იქნება.
"ხელისუფლების პროვოკაციები გახდა ინდიკატორი დიდი გაერთიანების,"-აცხადებს ზვიად კუპრავა.