არასამთავრობო ორგანიზაციები, მთავარი პროკურორის კანდიდატურის შერჩევის პროცესში თეა წულუკიანთან ერთად მონაწილეობას არ მიიღებენ. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები დღეს ამ საკითხზე კონსულტაციებს გამართავენ და საბოლოო პოზიციებს შეაჯერებენ.
გადაწყვეტილებას, რომ კანდიდატი თეა წულუკიანმა უნდა შეარჩიოს, სამოქალაქო სექტორი იუსტიციის მინისტრის გადადგომის მოთხოვნით პასუხობს. არასამთავრობოებისთვის წულუკიანს ნდობის მანდატი უკვე ამოეწურა.
„ეს არის ერთგვარი ილუზიის შექმნა საზოგადოებისთვის, რომ პროცესი მიმდინარეობს. იმიტომ, რომ წარმოუდგენელია, რომ თბილისის კონსერვატორია ან სამხატვრო აკადემიის ჩართულობა იყოს მნიშვნელოვანი მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესში. მოკლედ რომ ვთქვათ, არ აქვს არანაირი აზრი მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესს, თუკი ამას ჩაატარებს თეა წულუკიანი,“-განაცხადა ”საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას” თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძემ.
იუსტიციის მინისტრს კი თვეზე ნაკლები აქვს იმისთვის, რომ 3 კანდიდატი შეარჩიოს და საპროკურორო საბჭოს წარუდგინოს. თეა წულუკიანმა პროკურორის შესარჩევად არასამთავრობო სექტორი და პროფესიული წრეების წარმომადგენლები მიიწვია, თუმცა ჩამონათვალში არსად წერია კახა ბენდუქიძის თავისუფალი უნივერსიტეტი და ზურაბ ჟვანიას სახელობის საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი, რომლებსაც ქვეყნაში ერთ ერთი ყველაზე ძლიერი სამართლის სკოლები აქვთ.