17 ნოემბერი 2024,   18:22
ვრცლად
"დავადგენთ ვინ კერავდა თეთრი ძაფით ამ საქმეს" - ოპოზიცია არასრულწლოვანების მკვლელობის საქმეზე ომბუდსმენის დასკვნას ეხმაურება

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანების მკვლელობის საქმეზე სახალხო დამცველის დასკვნას საპარლამენტო ოპოზიცია ეხმაურება. საუბარია, ნინო ლომჯარიას განცხადებაზე, რომელმაც აღნიშნა, რომ ეს საქმე თეთრი ძაფით არის ნაკერი. ომბუდსმენი თვლის, რომ მიუხედავად ამისა, გამოძიება სათანადოდ არ ჩატარებულა.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ სახალხო დამცველი სწორ აქცენტებს აკეთებს და მისი ეს განცხადება ადასტურებს, რომ სისტემა არის შესაცვლელი.

„სახალხო დამცველი დღეს კარგ როლს თამაშობს რეალურად ამ სისტემის  მხილებისა და შესაბამისად შეცვლის პროცესში. იმდენად დიდია საზოგადოებრივი რეზონანსი და ფაქტობრივად ამაზე ჰკიდია ხელისუფლების და მთავრობის ბედი. შესაძლებელია, რომ ეს კონკრეტული შემთხვევა იქნას გამოძიებული, რამაც შემდეგ საფუძველი ჩაუყაროს ყველა იმ მანკიერი მხარის მხილებას, რომელიც დღეს ამ სისტემაში არსებობს ბუნებრივია სისტემის შეცვლას სჭირდება პოლიტიკური ნება,“-განაცხადა რომან გოცირიძემ.

სახალხო დამცველის ანგარიშს ეხმაურებიან "ევროპულ საქართველოშიც.“ ოთარ კახიძე აცხადებს, სწორედ იმიტომ, რომ საქმე არის თეთრი ძაფით ნაკერი და ამ დრომდე არ მოხდა ობიექტური სიმართლის დადგენა, შეიქმნა საგამოძიებო კომისია, რომელიც მას ნათელს მოჰფენს.

„სახალხო დამცველის განცხადება მიანიშნებს იმაზე თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა „ევროპული საქართველოს“ უმრავლესობით. ხვალიდან უკვე გვექნება სრული წვდომა საქმის მასალებთან. ჩვენ ასევე გვექნება მექანიზმი კონკრეტული, რომ დავიბაროთ  ყველა თანამდებობის პირი. დაწყებული რიგითი გამომძიებლით, დამთავრებული  მთავარი პროკურორით და შს მინისტრით, რომელთა მონაწილეობაც გამოიკვეთება ამ სისხლის სამართლის საქმეში. ჩვენ დავადგენთ ვინ კერავდა თეთრი ძაფით ამ საქმეს,“-განაცხადა ოთარ კახიძემ და აღნიშნა, რომ ეს საქმე ბუნდოვანი არ დარჩება და საგამოძიებო კომისია სრულ ჭეშმარიტებას დაადგენს. 

დღის ამბები