საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მიერ მოკლული მამუკა გაგნიძის მეუღლე, რომელიც ინციდენტის დროს თავადაც დაიჭრა, პოლიციას გულგრილობაში ადანაშაულებს.
საუბარია წერეთლის გამზირზე 31 მაისს მომხდარ შემთხვევაზე, როდესაც პოლიციის მოქმედმა თანამშრომელმა ელენე ბლაგადარნაიას მისსავე საცხოვრებელ სახლში ესროლა, მისი ყოფილი მეუღლე კი მოკლა.
მისი თქმით, საპატრულო ეკიპაჟმა, რომელიც თავის დაცვის მიზნით გამოიძახა მოძალადის განეიტრალება არ მოახდინა. მას შემდეგ კი რაც ის დაიჭრა, პატრულის ორმა თანამშრომელმა სასწრაფო დახმარების ბრიგადა დროულად არ გამოიძახა.
„პატაკის ჩაბარების დროს ძალიან ნაგლად და გულგრილად მიმართავს თავის მეწყვილეს და სთხოვს, რომ ერთი გახედეო რას იხრჩობაო მანდო, მამუკა გაგნიძის მისამართით პატრულის თანამშრომელი. ჩემთან ხომ არავინ მოსულა საერთოდ. არც პირველადი დახმარება აღმოუჩენიათ, არც გამოუხედიათ ჩემსკენ საერთოდ სასწრაფოს მოსვლამდე,“-განაცხადა ელენე ბლაგოდარნაიამ.
ელენე ბლაგოდარნაიას ინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარი“ იცავს, რომელიც საპატრულო პოლიციის კონკრეტული ეკიპაჟის წევრების მიმართ უფლებამოსილების შეწყვეტას ითხოვს.
„ელენე ბლაგოდარნაიამ საპატრულო პოლიცია გამოიძახა დაცვის მიზნით. მიუხედავად ამისა მთელი ნახევარი საათი რაც ვიდეოზე ჩანს სამხრე კამერაში პატრული დაკავებული იყო ელენეს სექუალური ცხოვრების გარჩევით და პარტნიორებზე საუბრით და ის არ დაინტერესებულა კონკრეტული ქმედითი ნაბიჯებით,“-განაცხადა ელენე ბლაგოდარნაიას ადვოკატმა.
საფარში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე მოძალადე პოლიციელების წინააღმდეგ ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა.
ავტორი: ნინო ვარძელაშვილი