პოლიციელების მიერ 20 წლის ახალგაზრდის ცემის საქმეს პროკურატურა გამოიძიებს. კოკა კობალაძე ორ პოლიციელს მისსავე სახლში ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს.
ახალგაზრდის თქმით, მის სახლში მისულებიდან ერთ-ერთს პოლიციელის ფორმა ეცვა, ორივეს ჰქონდა იარაღი და პოლიციელისთვის აუცილებელი აღჭურვილობა.
კოკა კობალაძე დარწმუნებულია, რომ სამართალდამცველების მხრიდან ძალადობის მიზეზი საზღვარგარეთ მყოფი მისი მამაა, რომელიც ცოტა ხნის წინ საფრანგეთში ანტიკრიმინალური ოპერაციის ფარგლებში დაკავეს. ალექსანდრე კობალაძე ქურდულ სამყაროსთან კავშირშია ეჭვმიტანილი.
დაზარალებული ახალგაზრდის თქმით, მას შემდეგ, რაც მის სახლში მისულებმა ინფორმაცია ვერ მიიღეს, ფიზიკურად გაუსწორდნენ.
კოკა კობალაძის განცხადებით, პოლიციელებმა მას სახლში პირველად არ მიაკითხეს. მისი თქმით, სამართალდამცველებს მასთან ხშირად აქვთ კითხვები, იცის თუ არა მამის - ალექსანდრე კობალაძის, ადგილსამყოფელი და აქვს თუ არა მასთან კონტაქტი.
დაზარალებული ახალგაზრდის თქმით, მას შემდეგ, რაც მის სახლში მისულებმა ინფორმაცია ვერ მიიღეს, ფიზიკურად გაუსწორდნენ. კოკა კობალაძე ღუდუშაურის კლინიკად დღეს გაწერეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში კატეგორიულად უარყოფენ, რომ კოკა კობალაძესთან სახლში უწყების წარომადგენლები იყვნენ მისულები.
ვინ სცემა ახალგაზრდა და იყვნენ თუ არა დამნაშავეები პოლიციელები, პროკურატურამ გამოძიება უკვე დაიწყო. დაკითხეს დაზარალებული და მისი ოჯახის წევრებიც.