თავდაცვის სამინისტრო ავღანეთში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება. საუბარია ქურდობის ფაქტზე, რომელშიც ქართველის სამხედროები არიან ეჭვმიტანილები. თავდაცვის სამინისტრო გმობს მომხდარს და მზადყოფნას გამოთქვამს ითანამშრომლოს გამოძიებასთან.
"სამინისტრო გმობს ავღანეთში, საავიაციო ბაზა ბაგრამზე არსებულ სავაჭრო ობიექტში ქურდობის ფაქტს. ამერიკული მხარის პირველადი ინფორმაციით, სხვადასხვა დროს განხორციელებულ ქურდობაში, ავღანეთში დისლოცირებული საერთაშორისო ძალების სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელთა მონაწილეობა იკვეთება, რომელთა შორის ოთხი ქართველი სამხედრო მოსამსახურეა. უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში, საქონლის ქურდობით წინასწარი ინფორმაციით, ავღანეთში არსებულ სავაჭრო ობიექტს 3 ათას 600-ს დოლარამდე ზარალი მიადგა. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მჭიდროდ თანამშრომლობს ამერიკულ მხარესთან. დამნაშავეები კანონის შესაბამისად დაისჯებიან,”-ნათქვამია განცხადებაში, სადაც ასევე წერია, რომ ქართული კონტინგენტისთვის ეს ერთეული სამწუხარო შემთხვევაა, რომელსაც სისტემურ ხასიათთან კავშირი არ აქვს.