სკანდალურ ჩანაწერს, სადაც „ომეგა ჯგუფის“ საქმით უჩა მამაცაშვილის დაინტერესებაზე და ფინანსურ გარიგებაზეა საუბარი, საპარლამენტო ოპოზიციის წევრები ეხმაურებიან.
„რუსთავი 2“-ის მიერ მოპოვებულ ჩანაწერში, სანდო წყაროს მტკიცებით, ერთმანეთს სპორტის ყოფილი მინისტრი და „ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი ესაუბრებიან.
სატელეფონო საუბარში ლევან ყიფიანი ადასტურებს, რომ "ომეგა ჯგუფის" პრობლემებს სწორედ მამაცაშვილი აგვარებდა, სანაცვლოდ კი ორ მილიონ დოლარს ითხოვდა.
საპარლამენტო ოპოზიციაში აცხადებენ, რომ "იბერიას" ირგვლივ განვითარებული მოვლენებით, პროკურატურა უნდა დაინტერესდეს.
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ამბობს, რომ ის რაც „იბერიას“ ირგვლივ ხდება და ის რაც სკანდალურ ჩანაწერში ჩანს, ხელისუფლების პოლიტიკური განაჩენია.
"ეს ამოცანა, რომ პირდაპირი და უშუალო კონტროლი ჰქონდეს ივანიშვილს და მის გარემოცვას მედიასივრცეზე არის მათი სტრატეგიული ამოცანა, "რუსთავი 2-ის“ შემთხვევაში სტრასბურგის სასამართლოსა და საზოგადოების რეაქციის გამო ვერ მიაღწიეს ამას.
"იბერიაზე" რაც გაგონილი გვაქვს და შემდეგ რაც მოვისმინეთ, უკვე ჩანაწერი, რომ ყოფილი თანამდებობის პირი და სახელისუფლებო გუნდთან დაახლოებული, პირდაპირ გარიგებას სთავაზობს ამ საკითხზე ტელეკომპანიის ხელმძღვანელობას - ეს პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ პოლიტიკური განაჩენია, სამართლებრივ განაჩენს სხვა საფუძველის სჭირდება“-აცხადებს გიგა ბოკერია.