ბიძინა ივანიშვილი კიდევ ერთ საკვანძო თანამდებობას უახლოესი გარემოცვის წევრს აბარებს - უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ ოლიგარქის ნათესავი, ბერა ივანიშვილის ქვისლის მამა, შენგელი ფიცხელაური ინიშნება.
საბჭოთა უშიშროების სამსახურის მაღალჩინოსანი, რომელსაც შევარდნაძის მთვარობის სპეცსამსახურებში მაღალი თანამდებობაზე ჰქონდა, 16 წლის შემდეგ, შესაძლოა სუს-ში დაბრუნდეს. შენგელი ფიცხელაურის კანდიდატურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ვახტანგ გომელაურის მოადგილის პოსტზე განიხილება. უშიშროების ყოფილი მაღალჩინოსანი ადასტურებს, რომ შეთავაზება მიიღო და ფიქრობს.
ინტერვიუში შენგელი ფიცხელაური “კურიერს“ არ პასუხობს, ვინ შესთავაზა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მაღალ თანამდებობაზე დაბრუნება, თუმცა "კურიერმა" გაარკვია, რომ ფიცხელაური ცოტა ხნის წინ, ”ქართული ოცნების” ლიდერს ბიძინა ივანიშვილს დაუნათესავდა. ბერა ივანიშვილი და ფიცხელაურის ვაჟი ქვისლები არიან. ყოფილმა ძალოვანმა და სპორტსმენმა „კურიერს“ სატელეფონო საუბარში ეს ინფორმაცია დაუდასტურა, თუმცა მისი რეკომენდატორების შესახებ საუბარი არ ისურვა.
სპეცსამსახურებში მუშაობა 1976 წლიდან დაიწყო. ბოლოს უშიშროების სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი იყო, სწორედ მაშინ, როდესც შევარდნაძის უშიშროების სამსახური „რუსთავი 2“-ში შემოვიდა. სპეცსამსახურებიდან ფიცხელაური 2003 წელს გაუშვეს. შენგელი ფიცხელაური ამბობს, რომ ამჟამად ის შს მინისტრის, გიორგი გახარიას მრჩეველია, თუმცა გახარიას მოადგილე ამბობს, რომ მას საერთოდ არ იცნობს.
იგეგმება თუ არა, ბერა ივანიშვილის ქვისლის მამის სუს-ში დანიშვნა, - „კურიერის“ კითხვას სუს-მა დუმილით უპასუხა. ოპოზიცია ფიქრობს, რომ ივანიშვილის ყველაზე სტრატეგიულ უწყებაში, რომელსაც შეუძლია, ყველას მოსმენა, ფარული თვალთვალი და წვდომა აქვს ნებისმიერ ინფორმაციაზე, მისი გარემოცვის წევრებს ნიშნავს.
ფიცხელაურის საქმიანობა, შევარდნაძის მთავრობის უშიშროების სამსახურში კარგად ახსოვს ბიზნესმენ ფადი ასლის. ფიცხელაურის გვარი მის წიგნში მოხვდა. იხსენებს, როგორ ავიწროებდა გავლენიანი მაღალჩინოსანი ბიზნეს.
უცნობია, რა დრო აიღო ძალოვან უწყებაში დაბრუნებაზე საფიქრელად შენგელი ფიცხელაურმა. უწყებაში მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით სუს-ი დუმს.