17 ნოემბერი 2024,   17:49
ვრცლად
არის თუ არა 4 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებული მოხუცი უდანაშაულო - "კურიერმა" ყანდაურაში მომხდარი ტრაგედიის ახალი დეტალები გაარკვია

შემზარავი მკვლელობები სოფელ ყანდაურაში - 85 წლის მოხუცი შინაგან საქმეთა სამინისტრომ 4 ადამიანის მკვლელად მყარი მტკიცებულებების გარეშე გამოაცხადა.

სოფელ ყანდაურაში მდებარე სახლი, სადაც 4 ადამიანი მოკლეს, პოლიციას განსაკუთრებულ კონტროლზე აქვს აყვანილი. შსს-მ საგანგებო ზომები მას შემდეგ მიიღო, რაც, სავარაუდოდ, მიხვდნენ, რომ 85 წლის მოხუცი 2 ცეცხლსასროლი იარაღიდან მიჯრით სროლას ვერ შეძლებდა და რამდენიმეწუთიანი ინტერვალით შვილს, რძალს და კიდევ 2 მეზობელს მარტო ვერ მოკლავდა.

„კურიერის“ ინფორმაციით, გამოძიება სხვა პირს ან პირებს ეძებს, რომლებიც სასტიკ დანაშაულში ფიგურირებენ, თუმცა ვიდრე პოლიცია მტკიცებულებებს მხოლოდ 85 წლის მოხუცზე აგროვებდა, ისინი მიიმალნენ.

ომარ გამყრელიძეზე პოლიციამ ეჭვი მხოლოდ იმ მოტივით მიიტანა, რომ ის ერთადერთი ადამიანია, ვინც 4 ადამიანის მკვლელობის დროს სახლში იყო და ცოცხალი გადარჩა. ამიტომ 4 ადამიანის მკვლელობის ბრალი წაუყენეს და წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

ფრიდონ გამყრელიძე, რომელსაც მეუღლე და ერთადერთი ბიჭი მოუკლეს, დარწმუნებულია, რომ მკვლელობაში მთავარი დამნაშავე, გამოძიებას დაკავებული არ ჰყავს.

პოლიციამ ჯერ ვერ დაადგინა, რა მოტივი ამოძრავებდა შეიარაღებულს, როცა ცეცხლი უდანაშაულო ადამიანებს გაუხსნა. სამართალდამცველებმა ამ დრომდე ვერც მკვლელობის ის იარაღი, რომლითაც გარდაცვლილებს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს.

ომარ გამყრელიძის 51 წლის შვილი, ნოდარ გამყრელიძე, რომელიც ყოფილი სპეცრაზმელია, ერთ კვირაზე მეტია, არავის უნახავს. მასთან გამოძიებას ყველაზე მეტი კითხვა აქვს, მაგრამ ის არც სამართალდამცველებთან გამოჩენილა და არც სოფელ ყანდაურაში დაკრძალვაზე ჩასულა.

გამომძიებლებს ნოდარ გამყრელიძესთან დაკავშირებით ყველა გამოკითხული პირიდან აინტერესებდათ ინფორმაცია, სოფელში ვისთან ახლობლობდა და იცოდნენ თუ არა რამ, რომ ის ქვეყნის დატოვებას ზუსტად სასტიკი მკვლელობის დღეს აპირებდა.

გამოძიებამ ასევე გამოკითხა ნოდარ გამყრელიძის შვილი, რომელიც გახმაურებული მკვლელობის დღეს სოფელ ყანდაურაში იმყოფებოდა. დანაშაულს კი მხოლოდ რამდენიმე წუთით აცდა.

თუ ერთი კვირის წინ შინაგან საქმეთა სამინისტრო ამტკიცებდა, რომ საქმე გახსნილია და გამოძიება რეალურ დამნაშავემდე გავიდა, დღეს უკვე ძალოვან უწყებას განმარტებების გაკეთება აღარ უნდა. შს მინისტრის მოადგილემ „კურიერის“ კითხვებს არ უპასუხა, თუ რა მტკიცებულებები აქვთ ომარ გამყრელიძის დანაშაულის დასამტკიცებლად და რატომ დაინტერესდნენ მოგვიანებით სხვა პირებით.

უკავშირდება თუ არა ნოდარ გამყრელიძის საეჭვო გაუჩინარება სასტიკ დანაშაულს, თუ ეს არის უბრალოდ დამთხვევა, გამოძიებას ამ კითხვაზე პასუხის მიღება უჭირს. საქმეს მხოლოდ 2 თვითმხილველი ჰყავს - ერთ-ერთი საბრალდებო სკამზეა და თავს იმართლებს, მეორე კი მძიმე მდგომარეობაში ისევ მართვით სუნთქვაზე რჩება და ვერ ლაპარაკობს.

დღის ამბები