"უფრო მორჩილი სასამართლო," "არა თავისუფლებას," "ძალაც და უფლებაც ოლიგარქს," - დედაქალაქის უბნებში, ხიდებზე ამ შინაარსის პოსტერები გამოჩნდა. სამოქალაქო აქტივისტებმა ამ ლოზუნგებით ის პოლიტიკა გააპროტესტეს, რომელსაც ხელისუფლება ატარებს. მათ, ამ ხერხით საკუთარი უკამყოფილება საჯაროდ გამოხატეს და თბილისის ქუჩებში ბანერები გამოფინეს.
"ჩვენ ყოველ დღე ვკითხულობთ ამბებს, თუ როგორ გადმოვარდა მშენებლობიდან მუშა და ადგილზე გარდაიცვალა, როცა სახლში მშიერი ბავშვი ელოდა მშობელს, შიმშილის დაძლევის იმედს. ვკითხულობთ, როგორ ჩაიმარხა ცოცხლად ორმოში მეორე ბავშვი, რომელიც ჯართს აგროვებდა უკანასკნელი თეთრებით უკანასკნელი ლუკმის საყიდლად. როგორ დაიწვა თავი პოლიციის წინ სასოწარკვეთილმა ადამიანმა, როგორ აჩეხა თქვენი სიძულვილის ყოველდღიური პროპაგანდით შეშლილმა ქმარმა - ცოლი, როგორ მოკლეს და შემდეგ დაწვეს ტრანსგენდერი ქალის გვამი და რა მძიმეა იმის ნახვა, რომ ამ სისასტიკეზე საზოგადოების ნაწილი მეორე დღეს იცინოდა. ბოროტება მისაღებ ნორმად აქციეთ თავად ბოროტების მსხვერპლი ადამიანების გონებაშიც კი. ვუყურებთ ყველასგან მიტოვებულ მოხუცებს, რომლებიც სიცოცხლის უკანასკნელ წლებში სიკვდილზე ოცნებობენ, რადგან ყოფა უკვე ამ სიკვდილზე უარესია,"- წერია სამოქალაქო აქტივისტების მიერ ფეისბუკით გავრცელებულ განცხადებაში.
პროტესტი კლუბ „ბასიანსა“ და „გალერიში“ ერთი წლის წინ განვითარებულ მოვლენებსაც ეხებოდა.
„2018 წლის 12 მაისს საქართველოს ხელისუფლებამ იარაღი მიუშვირა თავისუფალ სივრცეებში საცეკვაოდ შეკრებილ ადამიანებს და ამის პასუხად ათიათასობით გულანთებული ადამიანის ერთობა მიიღეთ. თქვენ რა თქმა უნდა ბოდიში უნდა მოგეხადათ. თქვენი ბოდიში მიღებულია არა იმიტომ, რომ დავიჯერეთ მისი გულწრფელობის, ან გვგონია, რომ ეს ბოდიში რამეს შეცვლიდა, ან ამაზე უარესი არაფერი გიქნიათ, ან ვენდეთ დაპირებებს (ჩვენ უკვე დიდი ხანია აღარ გენდობით თქვენ), დიდი ხანია ბოდიში გაქვთ მოსახდელი საზოგადოებისთვის, იმ ყველაფრის გამო, რაც ამ წლებში დაგვმართეთ,“ - ნათქვამია სამოქალაქო აქტივისტების მიერ, სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.
საპროტესტო შინაარსის ბანერები ხიდებზე დიდხანს არ გაუჩერებიათ და როგორც სამოქალაქო აქტივისტები აცხადებენ, მათთვის უცნობია თუ ვინ ჩამოხსნა ისინი.
ფოტორეპორტაჟის სანახავად გადადით ბმულზე: