17 ნოემბერი 2024,   17:48
ვრცლად
განადგურებული ვენახები, სიმინდის და ხეხილის ნარგავები - ძლიერი წვიმისა და სეტყვის შედეგები კახეთში

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა სტიქიის შედეგად, მოსავლის გარეშე დარჩა. ძლიერმა ნალექმა და სეტყვამ სოფელ ბოდბესა და ხირსაში ვენახების 95 პროცენტი გაანადგურა. სტიქიის შედეგად ადგილობრივებს აღარც სიმინდის და ხეხილის ნარგავები აქვთ. ადგილობრივები შველას ითხოვენ.

მოსახლეობის ინფორმაციით, სტიქია 20 წუთს გაგრძელდა, სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარმა კი არ იმუშავა. 

სტიქიის შედეგებს ებრძვიან დედოფლისწყაროშიც. მდინარე ალაზნის ადიდების გამო, სოფელ ფიროსმანში ადგილობრივების მოსავალი განადგურებულია. წინასწარი მონაცემებით, დატბორილია 150 ჰექტარი ხორბლის ნათესები და თხილის ბაღები. ადგილობრივები აცხადებენ რომ, ეს დატბორვის პირველი შემთხვევა არ არის. ისინი მდინარე ალაზნის მიმდებარედ ჯებირების დამონტაჟებას წლებია უშედეგოდ ითხოვენ.  

დაზარალებულ ფერმერებს დღეს დედოფლისწყაროს მერმა უპასუხა. ნიკოლოზ ჯანიაშვილის ინფორმაციით, მდინარე ალაზნის ნაპირსამაგრი სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება.

სტიქიის შედეგებს ებრძვიან ხადორის ხეობაშიც, სადაც რამდენიმე მოსახლეა ჩარჩენილი. მეწყრულ მონაკვეთში რამდენიმე საათია მუშაობს ტექნიკა. 

ავტორი: ია გულიაშვილი. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები