ბიძის მიერ მოკლული 13 წლის გოგიტა ირემაძის ოჯახი ექიმებს და პატრულ ინსპექტორებს გულგრილობაში ადანაშაულებს და მათ დასჯას მოითხოვს. გარდაცვლილის მშობლები ამბობენ, რომ ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურა საქმეს არ იძიებს. გამოძიება სამედიცინო პერსონალის მიმართ, უკვე დაწყებულია, თუმცა ჯერ-ჯერობით არცერთი პირის პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა.
მოკლული მოზარდის ოჯახის წევრების განცხადებით, მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე, ბრალდებული, რომელსაც ფსიქიკური აშლილობის ნიშნები ჰქონდა, სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფებოდა, თუმცა კლინიკაში მას დახმარებაზე უარი უთხრეს. გარდაცვლილის დედა გულგრილობაში პატრულ-ინსპექტორებსაც ადანაშაულებს, რომლებიც მკვლელობის მომენტში სახლის გარეთ იმყოფებოდნენ, თუმცა სახლში არ შევიდნენ.
„მხოლოდ და მხოლოდ ის ვიცი, რომ იძიებენ ამ საქმეს ექიმებთან დაკავშირებით, რასაც პოლიციაზე არ ამბობენ. რა თქმა უნდა, ვკითხე და ასე მიპასუხეს, რომ როცა მივიდა პოლიცია თქვენი შვილი უკვე დაღუპული იყო, იქ შესვლას აზრი არ ჰქონდა. პოლიციამ რომ მივიდა ბავშვი ათი წუთის განმავლობაში „მიშველეს“ ყვიროდა. არ სცადეს შესვლა, მით უმეტეს, პირველი სართული იყო, ხუთი ფანჯარა ჰქონდა. შეეძლოთ თავისუფლად, თვითონ თუ არ შედიოდნენ მეზობლებისთვის მაინც არ აეკრძალათ იქ შესვლა,“- განაცხადა გარდაცვლილის დედამ, თამარ კობერიძემ.
გარდაცვლილი გოგიტა ირემაძის ბებია, და ბრალდებულის დედა, ინგა ირემაძე მისი შვილის ფსიქიკურ მდგომარეობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ის არაადეკვატურია და ჩადენილზე სინანულის გრძნობა არ აქვს.
„ჩვეულებრივ ლაპარაკობს, ოჯახშიც რეკავს, მაგრამ არ აქვს აღქმის უნარი, რა გააკეთა. სინანულის გრძნობა არ აქვს. როგორ ფიქრობთ? ჩემი შვილი ადეკვატური იყო და შვილივით გაზრდილი ბავშვი მოკლა? მაშინ ეს დამიმტკიცოს ბატონმა კილაძემ, რომ ჩემი შვილი იყო ადეკვატური, დამიმტკიცოს ეს და მე მოვითხოვ, ჩემი შვილის ლინჩის წესით გასამართლებას,“- განაცხადა ინგა ირემაძემ.
13 წლის გოგიტა ირემაძე საკუთარმა ბიძამ მოკლა. შემთხვევა რამდენიმე თვის წინ რუსთავში მოხდა.