სახელმწიფო ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ საზარელ მკვლელობაში ბრალდებული ვალერიან ირემაძის წინააღმდეგ გამოძიება შეწყდა. სამხარაულის ბიურომ დაადგინა, რომ 29 წლის მამაკაცს, რომელმაც საკუთარი 13 წლის ძმის შვილი დანით დაჩეხა, მწვავე ფსიქიკური პრობლემები აქვს და 2 წლიანი იძულებითი მკურნალობის შემდეგ ის სახლში დაბრუნდება.
სამზარეულოს დანით 13 წლის გოგიტა ირემაძე საკუთარმა ბიძამ სააბაზანოს შესასვლელში იმ დროს მოკლა, როდესაც გარეთ პოლიცია, სამაშველო და სასწრაფოს ბრიგადები უკვე იდგნენ.
ინგა ირემაძე, რომელიც მოკლული ბავშვის ბებია და ამ მკვლელობაში ბრალდებულის დედაა, ამტკიცებს, რომ არასრულწლოვანის გადარჩენა შესაძლებელი იყო, თუმცა პოლიციამ რეაგირება დააგვიანა. ის პატრულ-ინსპექტორების გარდა, ექიმების პასუხისმგებლობის საკითხსაც აყენებს.
ბრალდებულის დედა ამბობს, რომ ფსიქიკური პრობლემების გამო მისი შვილი საზარელი მკვლელობის წინა დღეს ჯერ რუსთავის კლინიკაში, შემდეგ კი თბილისის ფსიქიატრიულსა და ნარკოლოგიურში იმყოფებოდა. ოჯახის ინფორმაციით, პაციენტი ფსიქიატრიულში არასაკმარისი ადგილების გამო არ მიიღეს, ნარკოლოგიურ საავადმყოფოში კი 3000 ლარის წინასწარ გადახდა მოსთხოვეს. თანხის არქონის გამო კი სახლში გამოუშვეს.
თვითმხილველები იხსენებენ, რომ ესმოდათ, როგორ ითხოვდა 13 წლის გოგიტა შველას, თუმც საპატრულო პოლიცია სახლში შესვლის უფლებას არც ბიძის მეგობრებს აძლევდა.
13 წლის გოგიტას დაჩეხილ ცხედარზე დედამ დანით მიყენებული 25 ჭრილობა დათვალა. მისი თქმით, ბავშვის სხეული მთლიანად დაზიანებული იყო.
გამოძიება მედპერსონალის შესაძლო ბრალეულობის საკითხს სწავლობს, თუმცა პატრულ-ინსპექტორების შესაძლო სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე გამოძიება არ დაწყებულა. საპატრულო პოლიციის 2 ინსპექტორი მომხდარის შემდეგ, სამსახურიდან გაათავისუფლეს.