17 ნოემბერი 2024,   17:45
ვრცლად
შეჩერებული მშენებლობები და გაფლანგული მილიონები - ზუგდიდელები განუხორციელებელ ინფრასტრუქტურული პროექტებზე საუბრობენ

გაჩერებული ინფრასტრუქტურული პროექტები და გაფლანგული ათობით ათასი ლარი - ზუგდიდელები რეგიონში არსებულ პრობლემებზე საუბრობენ.

„ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატს, გეგა შენგელიას, რომელიც დღემდე ზუგდიდის მერის მოადგილეა, არ აქვს პასუხი, რას ელოდებოდა ადგილობრივი მთავრობა 7 წელი და რატომ არ გაფორმდა ხელშეკრულებები იმ დრომდე, ვიდრე დაწყებული და თითქმის დასრულებული ნაგებობები არ განადგურდა.

ზუგდიდის სტადიონის მშენებლობაზე 12 მილიონი დაიხარჯა, თუმცა მოედანი დანგრევის პირასაა მისული. იმისთვის, რომ "კურიერს" კადრები არ გადაეღო უსაფრთხოების სამსახურმა საპატრულო პოლიცია გამოიძახა. ევროსტანდარტების დონის სტადიონი ზუგდიდში გასულ წელს უნდა გახსნილიყო. სამუშაოები აქ დიდი ხანია აღარ ტარდება, ფული კი რეალურად წყალში გადაყარეს.

ფული მოიპარეს სოფელ გრიგოლიშში. რამდენიმე წლის წინ სოფლის წყალმომარაგებაზე 60 მილიონი გამოიყო. აშენდა კოლექტორები, გაიყვანეს მილები, თუმცა წყალმა მილებში სულ ერთი თვე იდინა. მთელი სისტემა ამის შემდეგ გაითიშა და წყალი ხალხს ისევ ჭიდან ამოაქვს. უხარისხოდ შესრულებული სამუშაო ხელისუფლებამ ჩაიბარა და ტენდერში გამარჯვებული კომპანიისთვის პასუხიც არ მოუთხოვია.

დიდ პოლიტიკურ თამაშს ეწირება ანაკლიის პორტის პროექტიც. პორტი, რომელსაც ადგილობრივი მაცხოვრებლების გარდა სიკეთე მთელი ქვეყნისთვის უნდა მოეტანა, არ ფუნქციონირებს. ანაკლიიის სანაპირო ზოლი ნაგვით არის სავსე, ატრაქციონები ჟანგდება, პალმები ხმება, ტურისტების რაოდენობა კი წლიდან წლამდე იკლებს.

განმუხურშიც ანაკლიის მსგავსად ინფრასტრუქტურა, რომელსაც ტურისტები უნდა მოეზიდა, თითქმის განადგურებულია, სანაპირო ზოლი ინგრევა. ინგრევა ამფითეატრიც, რომელშიც საკმაოდ დიდი ფულია დახარჯული. ადგილობრივები ტურისტებს აღარც ელოდებიან. ისინი „კურიერთან“ ყვებიან, რომ მოვლილი სანაპიროს ის ნაწილია, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა იყიდა, შემოღობა და იქ არავის უშვებს.

ზუგდიდის მერობის ოპოზიციონერი კანდიდატი, სანდრა რულოვსი დარწმუნებულია, რომ პროექტების განხორციელების შეწყვეტის მიზეზი, ერთის მხრივ, ძველი ხელისუფლების სიძულვილი და, მეორეს მხრივ, სამეგრელოში გაბატონებული კორუფციაა.

ამ ყველაფრის ფონზე კი ზუგდიდელების სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა წლიდან წლამდე უარესდება.

დღის ამბები