შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ზუგდიდში, სროლის ფაქტზე ორი პირის დაკავების შესახებ, გვიან ღამით განცხადება გაავრცელა. უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-ტარების ბრალდებით 19 და 20 წლის ახალგაზრდები აიყვანეს. შემთხვევა გუშინ, ზუგდიდის 87-ე უბანთან მოხდა.
„გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა ზუგდიდში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ჰაერში რამდენიმე გასროლა განახორციელეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს, რაზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა," - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.