ხელისუფლების ტყუილი და უმუშევრობის რეალური დონის დამალვის მცდელობა. ბოლო დროს გაკეთებული განცხადება, რომ საქართველოში უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმზეა დღეს პარლამენტში საქსტატის დირექტორმაც გაიმეორა. თუმცა ოპოზიციის კითხვების შემდეგ საქსტატის ხელმძღვანელმა აღიარა, სამუშაო მაძიებლებმა დასაქმების იმედი დაკარგეს, სამსახურს აღარ ეძებენ და ამიტომ ისინი სიიდან ამოიღეს. შესაბამისად ამის ხარჯზე დასაქმებულთა რიცხვი შემცირდა. ამ ლოგიკით, ქვეყანაში ვინც სამსახური არაერთი მცდელობების მიუხედავად ვერ იშოვა და ხელი ჩაიქნია, უმუშევრად არ ითვლება.
ოპოზიცია ამტკიცებს, რომ საქსტატმა მძიმე რეალობა ფურცელზე შეალამაზა, ხალხი შეცდომაში შეიყვანა, თუმცა საქართველოში ისევ უმუშევართა არმიაა. ოპოზციის მტკიცებით ვითარება ბევრად უფრო რთულია ვიდრე ხელისუფლება აღიარებს და ბოლო სამ წელიწადში საქართველოში დასაქმებულთა რიცხვი 40 ათასით ნაკლებია.
პარლამენტის წევრებს, საქსტატის გარდა ფინანსთა მინისტრიც უმტკიცებდა, რომ უმუშევრობა გასულ წელს ქვეყანაში ისტორიულ მინიმუმზე იყო. დღევანდელმა განხილვამ კი ცხადი გახადა, რომ ხელისუფლება უმუშევრობის რეალურ სურათს მალავს და არასწორ ინფორმაციას ავრცელებს.
არის თუ არა უმუშევრობა ქვეყანაში ისტორიულ მინიმუმზე. ფინანსთა მინისტრის განცხადება მალევე ფაქტ ჩეკის ანალიტიკოსებმა გადაამოწმეს და დაადგინეს, რომ ეს ტყუილია.
უმუშევრობის დონის გამოთვლასთან დაკავშირებით, სტატისტიკის სამსახურის ხელმძღვანელმა დღეს ისიც თქვა, რომ ეს საკითხი მომავალში უფრო ზუსტი იქნება და ამას უწყება შემდეგ კვარტალში სხვა ახალი მეთოდოლოგიის გამოყენებით გეგმავს.