17 ნოემბერი 2024,   17:49
ვრცლად
დავითის ლავრამდე დაახლოებით, 3 კილომეტრში ხდება გზის მშენებლობა - გიდი ზვიად ანანიაშვილი დავით გარეჯთან არსებულ ვითარებაზე საუბრობს 

„დავითის ლავრამდე, დაახლოებით, 3 კილომეტრში ხდება გზის მშენებლობა, ანუ ჩიჩხიტურის მონასტერი გვხვდება გზად,“ - ეს განცხადება დავით გარეჯში ადგილობრივმა გიდმა, ზვიად ანანიაშვილმა გააკეთა, რომელმაც საზღვართან ახლოს გზის გაყვანის სამუშაოები ვიდეოზე აღბეჭდა.

ჩიჩხიტურის კოშკთან აზერბაიჯანელების მიერ გზის გაყვანის დაწყებასთან დაკავშირებით ინფორმაციას და ფოტო/ვიდეო მასალას სწორედ ზვიად ანანიაშვილი ავრცელებს.

მისი ინფორმაციით, ჩიჩხიტურის მიმართულებით მიმდინარეობს გზის გაყვანა აზერბაიჯანის მხრიდან. მობილიზებულია გზის სამშენებლო ტექნიკა და შეუჩერებლად მუშაობენ.

გიდი ამბობს, რომ საკმაოდ დიდი ოდენობის ტექნიკა არის მობილიზებული ადგილზე. მისივე თქმით, სამუშაოების მასშტაბი საკმაოდ დიდია და გზის დიდი მონაკვეთის მშენებლობა იგეგმება.

„დავითის ლავრამდე დაახლოებით, 3 კილომეტრში ხდება ეს გზის მშენებლობა, ანუ ჩიჩხიტურის მონასტერი გვხვდება გზად, რომ მივდივართ, 2 კილომეტრშია. ეს ტრაქტორები, რაც გადავიღე, დაახლოებით, ერთ კილომეტრში არის ლავრამდე. დღეს მესამე დღე არის, რაც მუშაობენ. თან ცუდი ის არის, რომ ამ მოლაპარაკებების ფონზე მიდის. ჩვენ შევთანხმდით, ამ მოლაპარაკებების გამო, ზემოთ ასვლაზეც კი უარი ვთქვით, რომ ვაცადოთ ხალხს, რაღაცას აკეთებენ. ზუსტად იმ ადგილიდან არც თუ ისე შორს, მუშაობენ. აშკარა არის, რომ ავითარებენ ინფრასტრუქტურას სასაზღვრო ზონაში,“ - განაცხადა ზვიად ანანიაშვილმა.

ზვიად ანანიაშვილი ამბობს, რომ უცნაურია, რატომ დაიწყეს აზერბაიჯანელებმა გზის გაყვანის სამუშაოები მაშინ, როდესაც მოლაპარაკებები ახლაც მიმდინარეობს. ის ხელისუფლებიდან ითხოვს განმარტებას.

ბაქოში საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო კომისიის მორიგი სხდომა იმართება და მხარეებს შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს.

ამავე თემაზე
დღის ამბები