„მე ვერ ვგრძნობ თავს რეალურად საქართველოში უსაფრთხოდ,“ - ეს განცხადება დათუნა სარალიძის დამ, მარიამ სარალიძემ, სააპელაციო სასამართლოს ეზოში, არასამთავრობოების მიერ გამართულ აქციაზე გააკეთა.
აქცციას მოკლული არასრულწლოვანის მამა, ზაზა სარალიძეც ესწრებოდა.
„მინდა, რომ ბავშვებს, ჩემს ტოლებს საქართველოში არ ეშინოდეთ გარეთ გამოსვლა და იმის შიში არ უნდა ჰქონდეთ, რომ ახლა შეიძლება რაღაც მოხდეს და შეიძლება რაღაც საფრთხე ემუქრებოდეს მის ან მისი ახლობლების სიცოცხლეს,“ - ამბობს მარიამ სარალიძე.
არასამთავრობო ორგანიზაციები საქმეზე სამართლიანი გადაწყვეტილების გამოტანას ითხოვდნენ, რადგან სასამართლოში დღეს ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმე განიხილებოდა.
არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” პროგრამის მენეჯერი, გიორგი გვილავა ამბობს, რომ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია საქმეში.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, სულხან სალაძე აცხადებს, რომ პროკურატურამ კონკრეტული მტკიცებულებები ვერ წარადგინა, თუ ვის მიერ მიყენებული ჭრილობის შემდეგ დადგა დავით სარალიძის სიკვდილი.
„თუ შევხედავთ ამ საქმეს და გავაანალიზებთ, რამხელა მასშტაბური საქმე იყო და რეზონანსული, პრაქტიკულად, მთელი განხილვების პროცესში მთელი საზოგადოება ინტერესით ელოდა, რა გადაწყვეტილება დადგებოდა მაღალი საპროტესტო მუხტის ფონზეც კი. თუ ამ საქმეს შეიძლება ამხელა პროტესტის ფონზე ჰქონდეს ჩავარდნა გამოძიებას, მარტივად შეიძლება წარმოვიდგინოთ ჩვეულებრივ ყოფით საქმეებზე, სადაც არ არის ამხელა რეზონანსი, რამდენი პრობლემა შეიძლება არსებობდეს გამოძიებაში,“ - განაცხადა სულხან სალაძემ.
დავით სარალიძის ოჯახის ადვოკატი, ნესტან ლონდარიძე ამბობს, რომ პროკურატურა ცდილობს საქმის მთელი სიმძიმის სასამართლოზე გადატანას.
„პროკურატურა დღეს მთელი ძალით ცდილობს გაიტანოს პირვანდელი ბრალდება სასამართლოში, რაც შესაძლებლობა მისცემს, მთელი სიმძიმე გადაიტანოს სასამართლოზე და მან არ გადადგას ის ნაბიჯები, რომელსაც მთელი საზოგადოება ველოდებით მათგან,“ - განაცხადა ლონდარიძემ.