საბედისწერო ექსკურსია, რომლის დროსაც 16 წლის მოზარდის სიცოცხლე ტრაგიკულად დასრულდა. ჩანჩქერში გადავარდნილი გოგონას მოსაძებნად მყვინთავებს 14 საათი დასჭირდათ, მოზარდის ცხედარი წყლიდან მაშველებმა მხოლოდ დღეს დილით ამოიყვანეს.
სოფია ნიკოლეიშვილი სკოლა "ალბიონის" 11-ე კლასის მოსწავლე იყო. 26 მაისს ლაგოდეხში ექსკურსიაზე მთელი კლასი სასკოლო ავტობუსით წავიდა. თანაკლასელებთან, მასწავლებლებთან და რამდენიმე მშობელთან ერთად სკოლის მოსწავლეები ”ნინოს ხევის ჩანჩქერის” მიმდებარე ტერიტორიებს ათვალიერებდნენ. თვითმხილველი მასწავლებლები, ამბობენ, რომ გოგონას ხავსიან ქვაზე ფეხი დაუცურდა და წყალში ჩავარდა. წყლის ძლიერმა დინებამ მოზარდი ქვის ქვეშ მოაქცია. მისი გადარჩენა ვერავინ შეძლო. ეს არის ერთ-ერთი ვერსია, რომელზეც გამოძიება მუშაობს.
დღეს სკოლა "ალბიონში" გლოვის ნიშნად ზარი არ დაირეკა. მეთერმეტე კლასელები ვინც ტრაგედიას საკუთარი თვალით უყურებდა, სტრესულ მდგომარეობაში არიან. ისინი დღეს გაკვეთილებზე ვერ მივიდნენ. რამ იმსხვერპლა 16 წლის გოგონა, დაუდევრობამ, თუ პედაგოგების უყურადღებობამ?! დაცული ტერიტორიების სააგენტოში ამბობენ, რომ მასწავლებლებმა და მშობლებმა არ გაითვალისწინეს გაფრთხილება ჩანჩქერის მიმდებარედ არებული საშიშროების შესახებ.
26 მაისს კიდევ ერთი უბედური შემთხვევა უფლისციხეში მოხდა. სასკოლო ექსკურსიის დროს 7 წლის ბიჭი 4 მეტრის სიმაღლიდან გადმოვარდა და დაცემისას სხეულის დაზიანებები მიიღო.
სასკოლო ექსკურსიებზე ეს პირველი ტრაგიკული შემთვევა არ არის. 6 დაღუპული და 40 დაშავებული - ასეთია ბოლო 2 წლის განმავლობაში ოფიციალური სტატისტიკა. გასულ წელს ყველაზე მძიმე შემთხვევა გომბორის უღელტეხილზე მოხდა. მიკროავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზიდან გადავარდა და ამობრუნდა, დაიღუპა 4 და დაშავდა 21 ადამიანი.
ავტორი: ია გულიაშვილი.