17 ნოემბერი 2024,   17:44
ვრცლად
"ტაქსისტებს ამ მავნე რეგულაციებით კალაძე ართმევს სამუშაო ადგილს" - ტაქსის მძღოლების აქცია აგრარულ ბაზართან

ტაქსის მძღოლების პროტესტი გრძელდება. თბილისის აგრარულ ბაზართან შეკრებილი ტაქსის მძღოლები გამაფრთხილებელ აქციას მართავენ. საინიციატივო ჯგუფის ჩამოყალიბების შემდეგ, ისინი საპროტესტო აქციებს მთელი თბილისში გეგმავენ. მათ მხარდაჭერას „ლეიბორისტული პარტიაც“ უცხადებს.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გუგავა დედაქალაქის მერის პირად ინტერესებზე საუბრობს და აცხადებს, რომ კალაძემ რეგულაციები საკუთარი მონოპოლიური ბიზნესის შესაქმნელად იყენებს.

„ხელისუფლება ნაცვლად იმისა, იცავდეს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, იცავდეს გარეჯს, დაკავებულია ამ ხალხისათვის ბიზნესის წართმევით. ტაქსისტებს ამ მავნე რეგულაციებით კალაძე ართმევს სამუშაო ადგილს. მათ და მათ ოჯახებს ტოვებს უსახსროდ იმის გამო, რომ თავად შექმნას მონოპოლიური ბიზნესი და მილიონები და მილიარდები დაატრიალოს. დღეს ეს არის ერთ-ერთ ბირჟაზე გამაფრთხილებელი აქცია. ასეთი გამაფრთხილებელი აქციები გაიმართება თბილისის მასშტაბით ყველა უბანში,“- განაცხადა გუგავამ.

ტაქსის მძღოლები იმ რეგულაციებს აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც 2019 წლის ოქტომბრიდან ავტომანქანა თეთრ ფერში უნდა გადაღებონ. გარდა ამისა, ისინი ქუჩიდან მგზავრების აყვანის აკრძალვას არ ეთანხმებიან.

დღის ამბები