დღეს პოლიციის დღეა. პოლიციელებს პროფესიული დღე გიორგი გახარიამ მიულოცა. შინაგან საქმეთა მინისტრმა, ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა. ასევე დააჯილდოვეს უწყების თანამშრომლები. ღონისძიებაზე დაღუპული პოლიციელების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
პოლიციელებს მიმართა პრეზიდენტმა. სალომე ზურაბიშვილმა დემოკრატიულ და თავისუფალ სახელმწიფოში პროფესიონალი სამართალდამცველების როლზე ისაუბრა.
„ჩვენ ვაშენებთ დემოკრატიულ, ევროპულ, თავისუფალ სახელმწიფოს. თქვენ ხართ ამ პროცესის მთავარი და აუცილებელი საყრდენი. სახელმწიფოს მშენებლობისა და მისი გამყარების პროცესი მუდმივად შეიძლება დადგეს საფრთხის ქვეშ და ამ საფრთხის თავიდან აცილება გადის თქვენს პროფესიონალიზსა და სიმტკიცეზე,”-განაცხადა პრეზიდენტმა.
პრემიერმა პოლიციელებს მადლობა გადაუხადა კრიმინალთან შეურიგებელი ბრძოლისათვის. მან ისაუბრა იმ წარმატებებზე, რომელსაც პოლიციამ განხორციელებული რეფორმების შედეგად მიაღწია.
„ჩვენ შევძელით ის, რომ დღეს საქართველოს ჰყავს პოლიტიკურად ნეიტრალური პოლიცია, რომელიც იცავს კანონს და კანონი არის უზენაესი, რომელიც არის შეურიგებელი კრიმინალთან ბრძოლაში და ამავდროულად, ინარჩუნებს ადამიანის უფლებების დაცვის უმაღლეს სტანდარტს. ეს არის ძალიან დიდი მიღწევა, ეს არის ისტორიული მიღწევა და თითოეულ თქვენთაგანს მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ამისთვის,”-განაცხადა პრემიერმა.