ანა დოლიძის გარდა იუსტიციის საბჭოდან შესაძლოა კიდევ 4 არამოსამართლე წევრი გამოიწვიონ - ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ დამოუკიდებელი დეპუტატების ინიციატივა ძალაში შევა. ლევან კობერიძე სხვა დამოუკიდებელ დეპუტატებთან ერთად ფიქრობს, რომ იუსტიციის საბჭოში საკანონმდებლო ორგანოს კვოტით მყოფ წევრებს უფლებამოსილება შეუჩერონ.
ლევან კობერიძე "კურიერთან" საუბარში არ გამორიცხავს, რომ პარლამენტის კვოტით იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წარდგენილი და არამოსამართლე წევრების გამოწვევის საკითხი დააყენოს. ნაზი ჯანეზაშვილი ერთადერთია, რომელთან დაკავშირებითაც დამოუკიდებელ დეპუტატს პრეტენზია არ გააჩნია.
"იუსტიციის საბჭოს დაშლით რომ არ დაიწყო ეს რეფორმა, რომელზეც დიდი ხანია ვლაპარაკობთ სამართლიანი სასამართლოს შექმნისათვის, სწორედ ამიტომ ბედავენ ახლა ნელ-ნელა იუსტიციის საბჭოს იმ წევრების მოშორებასაც, რომლებიც არ ჯდება მათ ნარატივში," - აცხადებს დეპუტატი ლევან კობერიძე.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების საქმიანობას საპარლამენტო ოპოზიციაში აკრიტიკებენ. ისნის საბჭოში სახელისუფლებო გავლენებსა და კლანურ მმართველობაზე საუბრობენ, თუმცა მიიჩნევენ, რომ ამ დროისთვის არამოსამართლე წევრების გაწვევის ინიციატივა ნაჩქარევია.
პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოსაზრებით, პარლამენტის კვოტით არჩეული იუსტიციის საბჭოს წევრების გამოწვევას აზრი არ აქვს. რომან გოცირიძის თქმით, შემდგომ კვლავ "ისეთ მონა-მორჩილებს" აირჩევენ.
მისივე თქმით, შესაძლებელია პროცესი გამჭვირვალედ დაიწყოს, მაგრამ შედეგი იგივე იქნება და შეიძლება უარესიც კი. რომან გოცირიძე საბჭოდან აღნიშნავს, რომ პარლამენტის მიერ წარდგენილი ნაზი ჯანეზაშვილის გამოწვევის შემთხვევაში, საკანონმდებლო ორგანოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ის ერთი ადამიანიც არ ეყოლება, რომელიც სისტემაში ობიექტურად იმუშავებს.
მმართველ პარტიაში ამ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები აქვთ.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით, აჩქარება არ ღირს. გიორგი ვოლსკის აზრით, არსებობს მეორე გზა, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი გაჰყვა, როდესაც "ყველა დაითხოვა, გარეთ გაყარა, გააპანღურა ძალით" და მის მიერ პრივილეგირებული სისტემა შექმნა.