პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დოკუმენტი უკვე გადაგზავნილია - იუსტიციის უმაღლესი საბჭო სალომე ზურაბიშვილს, ანა დოლიძისთვის არამოსამართელე წევრობის უფლების ჩამორთმევას სთხოვს.
იმ შემთხევაში, თუ პრეზიდენტი უფლებამოსილების შეწყვეტაზე გადაწყვეტილებას მიიღებს, ანა დოლიძის თქმით, ის კონსტიტუციას დაარღვევს. როგორც დოლიძე განმარტავს, სალომე ზურაბიშვილს მხოლოდ წევრების დანიშვნის უფლება აქვს და არა საბჭოდან მათი გაწვევის. არამოსამართლე წევრი დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების უკანონობაზე საუბრობდა.
დაარღვევს თუ არა პრეზიდენტი კონსტიტუციას ანა დოლიძეს საბჭოდან გაწვევის შემთხვევაში - საკითხზე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები საუბრობდნენ. იურისტები არ გამორიცხავენ, რომ გადაწყვეტილება მხოლოდ განსხვავებულ პოლიტიკურ შეხედულებებს უკავშირდებოდეს.
შურისძიებას და დამოუკიდებელ წევრზე ზეწოლას უკავშირებენ ოპოზიციონერი დეპუტატები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ საბოლოო გადაწყვეტილება პრეზიდენტმა უნდა მიიღოს და საკანონმდებლო ორგანო ამ შემთხვევაში პროცესებში არ ერევა.
იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოთხოვნას დააკმაყოფილებს და ანა დოლიძეს უფლებამოსილება შეუწყდება, დამოუკიდებელი დეპუტატების ნაწილი არ გამორიცხავს, რომ პარლამენტის კვოტით შესული წევრების უკან გამოწვევა მოითხოვონ. საუბარია ზაზა ხარებავაზე, ირმა გელაშვილზე, შოთა ქადაგიძეზე და ლევან გზირიშვილზე. უკვე ცნობილია, რომ დეპუტატები არამოსამართლე წევრ ნაზი ჯანეზაშვილის გაწვევას არ მოითხოვენ.
არამოსამართლე წევრის საბჭოდან გაწვევა მოსამართლე წევრებმა ანა დოლიძის პოლიტიკური საქმიანობის მოტივით მოითხოვეს. ბრალდებები მის წინააღმდეგ 25 ოქტომბერს ჩატარებულ სხდომაზეც გაჟღერდა, სწორედ მაშინ გახდა ცნობილი, რომ მოსამართლეები პრეზიდენტს დოლიძის იმპიჩმენტის მოთხოვნით ოფიციალურად მიმართავდნენ.