დასავლელი ანალიტიკოსები დარწმუნებული არიან, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიულობის ტესტი იქნება.
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ და მაკკეინის ინსტიტუტის მკვლევარმა ქართველ პოლიტიკოსებს თბილისიდან შეახსენა, რომ სამართლიანად ჩატარებული არჩევნები ქვეყნისთვის გადამწყვეტი იქნება. დევიდ კრამერმა თქვა ისიც, რომ სტრატეგიული პარტნიორის ყურადღების ცენტრში არამხოლოდ კენჭისყრის პროცესი, არამედ წინასაარჩევნო კამპანიაც იქნება.
საპარლამენტო ოპოზიცია ფიქრობს, რომ ქვეყანა დემოკრატიისა თუ ავტორიტარიზმის გამოწვევის წინაშეა. ოპოზიციისთვის დემოკრატიის ტესტია ის, თუ რამდენად შეძლებს მეორე ვადით არჩეული "ქართული ოცნება" ხელისუფლების მშვიდობიან გადაბარებას.
არასაპარლამენტო ოპოზიციაშიც ფიქრობენ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ქვეყნისთვის გადამწყვეტი იქნება. დემოკრატიულობის ტესტი მათთვის გაყალბების გარეშე ჩატარებული არჩევნებია. პოლიტიკოსების განცხადებით, ამერიკელი ანალიტიკოსების გზავნილი ერთგვარი სიგნალი და გაფრთხილებაა, რომ ხელისუფლებამ არჩევნები არ გააყალბოს.
საარჩევნო გზავნილების გარდა, დასავლელმა ანალიტიკოსებმა ქვეყნის არაფორმალურ მმართველზეც ღიად მიანიშნეს. სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორმა ფრენსის ფუკუიამამ თქვა, რომ დემოკრატიისთვის დამაზიანებელია, როცა ძალაუფლება ერთი პირის ხელშია.
"ქართული ოცნების" დეპუტატმა გია ვოლსკიმ გავლენიან ამერიკელ ექსპერტს არაფორმალურ მმართველობაზე საუბრისას თავის შეკავება ურჩია. მმართველი პარტიის წევრები მსგავს განცხადებებს აბსურდულს უწოდებენ და ამტკიცებენ, რომ ქვეყანას არაფორმალური მმართველი არ ჰყავს. მმართველი პარტიის წევრები ამბობენ, რომ ისე, როგორც აქამდე, ქვეყანა 2020 წელს ჩატარებული არჩევნებითაც ჩააბარებს დემოკრატიულობს ტესტს.
ქვეყანაში რომ ინსტიტუტები მოშლილია, გადაწყვეტილებას კი "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ერთპიროვნულად იღებს, ამაში დამოუკიდებელი დეპუტატებიც დარწმუნებულები არიან.