დილიდან კრიტიკული შეფასებები მოჰყვა ექპერტიზის მიერ დასმულ კითხვას, ჰქონდა თუ არა მაკო გომურს ჯანსაღი თვალი აქციის დარბევისას.
სახალხო დამცველს აინტერესებს, რატომ დასვა ექსპერტიზამ მსგავსი შინაარსის კითხვა მაკო გომურის მიმართ. ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ 20 ივნისის აქციის დროს დაშავებულებს, დაზარალებულის სტატუსი დროულად უნდა მიენიჭოთ.
"არ მაქვს პასუხი იმ კითხვაზე, რატომ შეიძლება აინტერესებდეს ან რატომ შეიძლება დაესვა ექსპერტიზას ესეთი ტიპის კითხვა. მე ვფიქრობ, რომ აუცილებლად დროულად უნდა დაადგინოს პროკურატურამ და მიანიჭოს დაზარალებულის სტატუსები იმ პირების, სადაც იკვეთება რომ ისინი არიან დაზარალებული და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ დააჩქაროს ამ მიმართულებით საქმიანობა, მათ შორის პირველ რიგში, განიხილოს იმ ადამიანების საკითხები, რომლებმაც მიიღეს ჯანმრთელობის დაზიანებები," - აცხადებს ნინო ლომჯარია.
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე თვლის, რომ არ არსებობს პოლიტიკური ნება, რათა მაკო გომურს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭოს. სულხან სალაძის განცხადებით, მაკო გომურის მისამართით დასმული მსგავსი ტიპის შეკითხვა ადასტურებს, რომ სახელმწიფოს 20-21 ივნისის აქციაზე დაზარალებულების საქმის გამოძიება არ სურს.
"სულაც რომ მაკო გომურს მხედველობა არ ჰქონოდა იმ თვალში, რომელიც მან დაკარგა, ეს არაფერს არ ცვლის გამოძიებისთვის საერთოდ," - აცხადებს სულხან სალაძე.
ცინიკურს უწოდებს ექსპერტიზის კითხვას "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი. თამთა მიქელაძე აცხადებს, რომ იმ კადრების ფონზე, რომელიც 20 ივნისის ღამეს არის გადაღებული და სადაც მაკო გომური ჩანს, დასმული კითხვა არაპროფესიონალურია.