18 ნოემბერი 2024,   17:25
ვრცლად
თუ უმრავლესობაში ფიქრობენ, რომ გამოსავალი ვადამდელი არჩევნებია, დაფიქრდნენ რა პროცესები მოჰყვება გარეთ - არასამთავრობოები

მესამე სექტორი პასუხისმგებლობას სახელისუფლებო გუნდს აკისრებს. გავრცელდა არასამთავრობოები აცხადებენ, რომ პლენარულ სხდომაზე განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ მმართველი პარტიის დეპუტატების ნაწილის მიზანი კონსტიტუციური კანონპროექტის განხილვის დაბრკოლება და ხელოვნურად ჩიხში მოქცევაა.

12 ნოემბრის პლენარული სხდომის დაწყებისთანავე მმართველი პარტიის დეპუტატების მხრიდან შეინიშნებოდა სიტუაციის ხელოვნურად დაძაბვის მცდელობები, არაეთიკური გამონათქვამები, სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, სულხან სალაძე აცხადებს, რომ მმართველმა ძალამ ყველა ღონე უნდა იხმაროს, რათა დეპუტატები საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერაში დაარწმუნოს.

"თუ მმართველი პარტია არ დაუჭერს დღეს ამას მხარს, ან ის რაოდენობა არ დაუჭერს, რომელიც საჭიროა, რომ ცვლილებები იყოს მიღებული, ამით დაზარალდება პირველ რიგში, თავად მმართველი პარტია, თუ ვინმე ფიქრობს, რომ მმართველ პარტიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იქნება გამოსავალი, ჯერ ალბათ უნდა იფიქრონ იმაზე, რა პროცესები შეიძლება მოჰყვეს ამას პარლამენტის გარეთ," - აცხადებს სულხან სალაძე.

ასეთი იმედგაცრუება და დანაპირების არ შესრულება, შეიძლება ძალიან სახიფათო იყოს ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის. ამის შესახებ საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" პროგრამის მენეჯერი, ლევან ნატროშვილი საუბრობს. ნატროშვილი ამბობს, რომ მიუღებელი იქნება, თუკი ხელისუფლება ესე ღიად არ შეასრულებს საკუთარ დაპირებას.

"ბევრი ადამიანი ალბათ, ამას ასე არ გაატარებს და ქუჩაში გამოვა. ძალიან უცნაური და გაუგონარი ქმედება იქნება, რომ რამდენიმე თვის წინ, გაცემული დაპირება ასე ღიად არ შესრულდეს და ეს შეიძლება იყოს ძალიან სერიოზული პოლიტიკური კრიზისის დასაწყისი," - აცხადებს ლევან ნატროშვილი.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე უარის თქმა პრობლემებს შექმნის. ამის შესახებ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელი დირექტორი, მიხეილ ბენიძე საუბრობს.

"ძალიან პრობლემური იქნება თუ ხელისუფლება უარს იტყვის პროპორციულ სისტემაზე, იმიტომ, რომ ჩვენ რეალურად ვნახავთ, რომ ეს ხელს შეუწყობს უფრო მეტად პოლიტიკურ კრიზისს, დესტაბილიზაციას. ხელს შეუშლის იმას, რომ პოლიტიკური პროცესები მომდევნო წლების განმავლობაში პარლამენტში წარიმართოს და არა პარლამენტს მიღმა და ქუჩებში," - აცხადებს მიხეილ ბენიძე.

დღის ამბები