ვითარება პარლამენტთან - პარლამენტში აქციის მონაწილეები საპარლამენტო უმრავლესობის წევრს რევაზ არველაძეს საკანონმდებლო ორგანოში შესვლის საშუალებას არ აძლევენ.
აქციის მონაწილეები მას - "მონას" ეძახიან.
რევაზ არველაძის შეფასებით, აქციის მონაწილეები შეცდომაში არიან შეყვანილები და მიუღებელია მოთხოვნების ძალისმიერი მეთოდებით გაჟღერება.
"მე არ მიმაჩნია სწორად იმ 40 დეპუტატის საქციელი, რომელმაც არ მისცა ხმა ამ კანონპროექტს. მიუხედავად იმისა, რომ მე ვფიქრობდი, რომ შესანარჩუნებელია მაჟორტარული სისტემა, რახან გუნდმა გადაწყვიტა, მეც დავთანხმდი. დღეს მოვედი აქ სამსახურში. ჩემი სამსახური არის აქ. სამი კანონპროექტია ენერგეტიკაზე შემოსული და ეს უნდა მენახა. არ მომცეს საშუალება შესვლის. მე არც არავის არ ვაგინებ. ყველას თავისი მოსაზრება აქვს. ყველას თავისი საშუალება აქვს საკუთარი მოსაზრება გამოთქვას და არა ზურგში მუშტების რახარუხი. თუ ვერ მოვახერხე შესვლა, არ შევალ და ეგ იქნება.
ვინც ახლა საპროტესტო აქციაზე არიან, ჰგონიათ, რომ მთელ საქართველოს წარმოადგენენ. ასე არ არის. ისინი შეცდომაში არიან შეყვანილები, რომ ასეთი ძალისმიერი მეთოდებით ცდილობენ მიაღწიონ რაღაცას," - განაცხადა რევაზ არველაძემ.