6 საათი რჩება იმ ქალაქების ჩაკეტვამდე, სადაც კორონავირუსის სრულმასშტაბიანი შიდა გავრცელების ფონზე უსაფრთხოების ნორმები კიდევ უფრო მკაცრდება.
თბილისი, რუსთავი, ბათუმი, ქუთაისი - ამ ქალაქებში მოქალაქეების შესვლა და გამოსვლა 21 საათიდან აიკრძალება.
"კურიერი" ქალაქ რუსთავის შესასვლელთან იმყოფებოდა, სადაც უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია. ავტომობილების მოძრაობას სამართალდამცველები არეგულირებენ, რადგან მოქალაქეთა ნაწილი რუსთავის დატოვებას ცდილობს, რის გამოც მოძრაობა გადატვირთულია.
იმ მოქალაქეთა უმრავლესობა, რომელსაც "კურიერი" გაესაუბრა აცხადებს, რომ მიუხედავად დისკომფორტისა, შეზღუდვები საჭიროა და მას დაემორჩილებიან.
ქალაქ რუსთავის მერის ირაკლი ტაბაღუას ინფორმაციით, თუ მოქალაქემ, რომელიც რუსთავშია რეგისტრირებული, ვერ მოასწრო ქალაქში დაბრუნება, სამართალდამცველები მას პირადობის მოწმობის საფუძველზე შესვლის უფლებას მისცემენ.
"თუ მოქალაქე რეგისტრირებულია სხვა მუნიციპალიტეტში, შეუძლია, რომ რუსთავიდან გადაადგილდეს იქ, სადაც არის რეგისტრირებული, ერთჯერადად, რა თქმა უნდა. იმ პირებს, რომლებიც რუსთავში არიან რეგისტრირებულნი, შეუძლიათ ქალაქში დაბრუნება. ეს შეზღუდვა ამ კუთხით არ ვრცელდება. დანარჩენი შეზღუდვები, რაც ვრცელდება, ზოგადად, უბრალოდ დამატებულია პუნქტები. ის გადაუდებელი დახმარებები, განსაკუთრებული საჭიროებები, ის ნებართვები, რომლებიც საწარმოებზეა გაცემული და ა.შ. ჩვეულებრივად, არ იზღუდება,"- განაცხადა რუსთავის მერმა.
შეგახსენებთ, თბილისის, რუსთავის, ბათუმის და ქუთაისის ჩაკეტვის გადაწყვეტილება საზოგადოებას პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გუშინ, 14 აპრილს გააცნო. გადაწყვეტილება მთავრობამ COVID 19-ის მასშტაბური შიდა გავრცელების ფონზე მიიღო.