18 ნოემბერი 2024,   17:24
ვრცლად
მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ იმ ადამიანს, ვინც ამ ბრწყინვალე დღესასწაულს შეხვდა სახლში - გიორგი გახარია

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შეფასებით, ქართულმა საზოგადოებამ გუშინ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა გამოავლინა.

"გუშინდელმა დღემ დაგვანახა, რომ ასე შენდება წარმატებული სახელმწიფო!" - წერს გიორგი გახარია სოციალურ ქსელში.

პრემიერ-მინისტრი საზოგადოებას კვლავ მოუწოდებს, დარჩნენ სახლში, რათა მალე დაუბრუნდნენ ჩვეული ცხოვრების რიტმს. 

"გუშინ ქართველმა ხალხმა, საკუთარი რწმენისა და ეკლესიის მიმართ ერთგულებასა და პატივისცემასთან ერთად, გამოავლინა მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა სახელმწიფოს წინაშე. გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ერთმანეთის გვერდში დგომით აუცილებლად მივაღწევთ საბოლოო გამარჯვებას!

მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ იმ ადამიანს, ვინც ამ ბრწყინვალე დღესასწაულს შეხვდა სახლში. მადლობა მათ, ვინც გუშინ ტაძარში ყოფნისას დაიცვა ყველა ის მოწოდება და რეკომენდაცია, რომელსაც ჩვენი მედიკოსები გვაძლევენ.

მადლობა ჩვენს ექიმებს, რომლებიც ამ ბრძოლის წინა ხაზზე დგანან, ჩვენს პოლიციას და ჯარს, რომელიც ზრუნავს არამხოლოდ კანონის აღსრულებაზე, არამედ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზეც. მადლობა თითოეულ თქვენგანს, ვინც დღეს, პირად ინტერესზე მაღლა საზოგადოებრივ ინტერესს და კეთილდღეობას აყენებთ.

წინ მძიმე ბრძოლა გველის, მაგრამ ასეთი პასუხისმგებლობით, შემართებით და ერთიანობით, ჩვენ ამ ურთულეს გამოწვევას აუცილებლად დავძლევთ. სწორედ ასე, ინდივიდუალური სამოქალაქო პასუხისმგებლობით, კეთილგონიერებით და ერთობლივი ძალისხმევით შენდება წარმატებული სახელმწიფო!

კიდევ უნდა მოვითმინოთ, დავრჩეთ სახლში, იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად ყველა ერთად დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

კიდევ ერთხელ გილოცავთ აღდგომის დღესასწაულს. #დარჩისახლში," - წერს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია. 

დღის ამბები