საქართველოსთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოხმაურება მოჰყვა ოპოზიციაშიც. "ევროპული საქართველოს" წევრის გიორგი კანდელაკის თქმით, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა იმ რეალობის გათვალისწინებით, რომელშიც რუსეთი და საქართველო იმყოფებიან, შეუძლებელია. კანდელაკმა კიდე ერთხელ ხაზი გაუსვა საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს საკითხის აქტუალიზაციის მნიშვნელობას:
"რუსეთი აგრძელებს ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას საიდანაც გამოდევნილი ჰყავს ასეულ ათასობით ჩვენი თანამოქალაქე, რომელთათვისაც წართმეული აქვს მათი კანონიერი ქონება და ამ პირობებში ცხადია ვერანაირი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე საქართველო ვერ წავა. პრიორიტეტი საქართველოსი უნდა იყოს, რაოდენ ბანალურადაც არ უნდა ჟღერდეს, ჩვენი საკითხის აქტუალიზაცია საერთაშორისო ასპარეზზე," - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.
"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი გიორგი ბარამიძე ლავროვის განცხადებას მორიგ პროვოკაციას უწოდებს და აცხადებს, რომ მსგავსი ცინიკური დამოკიდებულება გაგრძელდება იქამდე, ვიდრე საქართველოს ხელისუფლება კოლაბორაციონისტების ხელში იქნება:
"ეს არის მორიგი პროვოკაცია და ცინიზმი რუსეთის მხრიდან, რომელიც რა თქმა უნდა გაგრძელდება, სანამ ქართული სახელმწიფო იქნება უპრინციპო, კოლაბორაციონისტების ხელში, რომლებსაც რეალურად ნაბიჯი არ გადაუდგამთ არც ქვეყნის გაძლიერების და არც საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთის საწინააღმდეგოდ, იმისათვის, რომ რუსეთმა კონკრეტული ფასი გადაიხადოს ამ ოკუპაციისთვის,"- განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
შეგახსენებთ, სერგეი ლავროვმა პრესკონფერენციაზე საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შესაძლებლობებზე და ავიამიმოსვლის განახლების შანსებზე ისაუბრა.