18 ნოემბერი 2024,   03:37
ვრცლად
"თუ საკონსტიტუციო ცვლილებას ახალი საკითხები დაემატება, შესაძლებელია, ეს ცვლილებები ჩავარდეს" - დიმიტრი ცქიტიშვილი

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების თარიღის შესაძლო გადმოწევასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის  განცხადებებს ოპოზიციის მწვავე შეფასებები მოჰყვა. ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აღნიშნულმა საკითხმა, შესაძლოა, საფრთხე მთლიანად საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას შეუქმნას. 

პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი თამარ ჩუგოშვილი მიიჩნევს, რომ კიდევ ერთმა  სიურპრიზმა საკითხთან დაკავშირებით, შესაძლოა, ხელახალი პოლიტიკური პრობლემა შექმნას. 

"ამ საუბრის ახლა დაწყება, როცა სულ რამდენიმე დღე დადგა საკონსტიტუციო ცვლილების პარლამენტში მოტანამდე და განხილვამდე, მაფიქრებინებს, რომ უმრავლესობას აქვს გარკვეული გეგმები არჩევნების თარიღთან დაკავშირებით და, კონკრეტულად, საკონსტიტუციო ცვლილებების კონტექსტში. 8 მარტის შეთანხმების დოკუმენტში ყველა საკითხი, რომელსაც ფარავს საკონსტიტუციო ცვლილება, არის დეტალურად განსაზღვრული - ამ სიას არც არაფერი უნდა დაემატოს და არც მოაკლდეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი - რაზეც შევთანხმდით, ზუსტად ის ცვლილებები უნდა მივიღოთ. ამიტომ, წინ რაღაც სიურპრიზი კიდევ გველის თუ არა, იმისთვის, რომ ხელახალი პოლიტიკური პრობლემა შეიქმნას ქვეყანაში საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, ამას უახლოეს დღეებში ვნახავთ,"- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

პარლამენტის დამოუკიდებელი წევრის, დიმიტრი ცქიტიშვილის შეფასებით, საკონსტიტუციო კანონპროექტისთვის საკითხების დამატება რისკის ქვეშ დააყენებს მთლიანად საკანონმდებლო ცვლილების შემადგენლობას.

"საგანგებო მდგომარეობის ხელოვნურად გამოცხადება იქნება ძალიან სკანდალური თემა და არ მგონია, ამაზე ვინმე წავიდეს, მაგრამ ის, რომ წარმოდგენილ საკონსტიტუციო კანონპროექტს რამე საკითხები დაემატოს, ეს რისკის ქვეშ დააყენებს მთლიანად საკანონმდებლო ცვლილების შემადგენლობას. თუ ამ საკონსტიტუციო ცვლილებას დაემატება კიდევ ახალი საკითხები, შესაძლებელია, ეს ცვლილებები ჩავარდეს. მგონია, რომ ეს არ არის საკითხი, რომელზეც შესაძლებელია კონსესუსი ჩამოყალიბდეს 114 დეპუტატს შორის,"-განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

პარლამენტის ფრაქცია "პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების" წევრი არჩევნების გადმოწევის საკითხს შეუძლებლად მიიჩნევს. 

"რას ჰქვია, მმართველმა პარტიამ დააყენოს?! პარლამენტია, უფლებამოსილებაა აქვს დეპუტატებს მეორე პარლამენტის არჩევამდე, ხალხმა აირჩია. არ ხდება ასე, რომ თქვა "მოდი, ახლა მე დავშლი პარლამენტს". თუ ფორსმაჟორი და ყველაფერი უბედურება მოხდა, შეიძლება უბრალოდ პარლამენტი დაიშალოს, მაგრამ რომც დაიშალოს, ამის გადმოწევა შეუძლებელი იქნება,"- განაცხადა გია ჟორჟოლიანმა. 

შეგახსენებთ, რომ კონსტიტუციის მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს უნდა ჩატარდეს.  

დღის ამბები