18 ნოემბერი 2024,   01:55
ვრცლად
მაინტერესებს, რატომ არის "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი უფრო სუსტი ვიდრე "ევროპული საქართველოსი"? - ხატია დეკანოიძე გიგა ბოკერიას პასუხობს

რეგიონებში მაჟორიტარ კანდიდატებზე შეთანხმებასთან დაკავშირებით "ევროპულ საქართველოში" გაკეთებულ განცხადებას "ნაციონალურ მოძრაობაში" პასუხობენ. ხატია დეკანოიძის თქმით, მისთვის გაუგებარია რატომ თვლის "ევროპული საქართველო", რომ მათი კანდიდატი ენმ-ს კანდიდატზე ძლიერია:

"მესამე ბრიფინგიც რომ ჩაატარონ ჩემმა ძვირფასმა და პატივცემულმა კოლეგებმა იგივე პასუხს გავცემთ, რაც გუშინ გავეცით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ პარტიულ ნომენკლატურას და რაღაც გადანაწილებაზე საუბარს, ვისაუბროთ მართლაც ძალიან მძიმე მდგომარეობაზე, რომელიც არის საქართველოში, მაგრამ ერთ რამეს ვიტყვი, რომ იმ ჩამოთვლილი ოლქებიდან, რომელიც დღეს ჩამოთვალა გიგამ, მინდა გითხრათ, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ყველა ოლქში აქვს ძალიან ძლიერი პოზიციები. ერთ კონკრეტულ ფაქტს გეტყვით, მაგალითად აბაშა-მარტვილი-წალენჯიხა-ჩხოროწყუ "ნაციონალურ მოძრაობას" აქვს 24 168 ხმა, ხოლო "ევროპულ საქართველოს" 5500 ხმა და ჩვენ ამ ოლქში მოვუგეთ მათ შორის "ქართულ ოცნებას" და ასეა ყველა ოლქებში, ამიტომ მე მაინტერესებს, რატომ არის "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი უფრო სუსტი ვიდრე "ევროპული საქართველოსი"?. კინკლაობას არ დავარქმევდი, უფრო სწორად ეს გადაძახილ-გადმოძახილი ცოტა უხერხულია ჩვენი თანამოქალაქეების თვალში. ჩვენი პრინციპია რომ მოვუგოთ და დავამარცხოთ ბიძინა ივანიშვილი და ამისთვის გავაკეთოთ ყველაფერი," - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

შეგახსენებთ, "ნაციონალური მოძრაობა" რეგიონებში, 22-ვე ოლქში საკუთარი კანდიდატის დაყენებას გეგმავს, ამის პარალელურად "ევროპული საქართველო" მაჟორიტარების შეთანხმების დანარჩენ მონაწილეებს მოუწოდებს, რომ კონსულტაციები გაგრძელდეს და საერთო მაჟორიტარებზე შეთანხმდნენ. "ევროპული საქართველოს" ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, "ნაციონალურ მოძრაობასთან" ოპოზიციას ორი კონკრეტული შეთავაზება ჰქონდა, რომელიც სხვადასხვა ოლქების ერთმანეთისთვის დათმობას ითვალისწინებდა.

დღის ამბები