17 ნოემბერი 2024,   17:48
ვრცლად
"უნდა გამოიძიონ ძალადობისა თუ დაშინების ბრალდებები" - NDI მეორე ტურისთვის რეკომენდაციებს გასცემს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) საკუთარ ანგარიშში საქართველოს საარჩევნო სისტემის გასაუმჯობესებლად რეკომენდაციებს გასცემს.

ორგანიზაციის შეფასებით, მეორე ტურების წინ, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ არჩევნებში მონაწილე მხარეებმა ყურადღება შემდეგზე ფაქტორებზე გაამახვილონ:

  1. პასუხისმგებელმა მხარეებმა მეტი ძალისხმევა უნდა გამოიჩინონ, რათა საჩივრები სწრაფად და სათანადოდ იქნას განხილული, ხოლო საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ უბნებზე ხმების ხელახალი გადათვლა ან განმეორებითი კენჭისყრის დანიშვნა მოხდეს. მათ, ასევე, უნდა გამოიძიონ ძალადობისა თუ დაშინების ბრალდებები და თუ საჭირო გახდა, კანონის ფარგლებში პასუხისგებაში მისცენ შესაბამისი პირები. გადაწყვეტილების მიმღებმა მხარეებმა ყველა ზომას უნდა მიმართონ, რათა მომავალში მსგავსი პრაქტიკა არ განმეორდეს.
  2. პარტიებმა და კანდიდატებმა საარჩევნო დარღვევების, ძალაუფლების ბოროტად გამოყენების, ზეწოლისა და დაშინების შესახებ ბრალდებების გასამყარებლად სათანადო მტკიცებულებები უნდა წარმოადგინონ და ამ უზუსტობების აღმოსაფხვრელად არსებული ბერკეტები გამოიყენონ.
  3. მონაწილე მხარეებმა პატივი უნდა სცენ და დაიცვან მიუკერძოებელი დამოუკიდებელი დამკვირვებლების უფლებები, რათა მათ საქმიანობა ზეწოლისა და დაშინების გარეშე გააგრძელონ.
  4. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უნდა განამტკიცოს საუბნო საარჩევნო კომისიების მიერ პროცედურების ზედმიწევნით ზუსტად და თანმიმდევრულად აღსრულება, მათ შორის ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა: კომისიის წევრების პასუხისმგებლობების გადანაწილება, ხმის მიცემის ფარულობის უზრუნველყოფა, მარკირების პროცედურების აღსრულება და ოქმების შევსება. 
  5. მონაწილე მხარეებმა ძალისხმევა უნდა გამოიჩინონ, რათა განმუხტონ დაძაბულობა და ხელი შუწყონ მშვიდობიან გარემოს. პოლიტიკურმა ლიდერებმა და კანდიდატებმა საკუთარი საქმიანობა კვლავაც ქცევის კოდექსის მიხედვით უნდა წარმართონ.
  6. ამომრჩეველებისთვის დაბალანსებული და სანდო ინფორმაციის მისაწოდებლად, პოლიტიკურმა პარტიებმა და კანდიდატებმა სხვადასხვა დებატებსა და პოლიტიკურ გადაცემებში უნდა მიიღონ მონაწილეობა და საზოგადოებას საკუთარი პროგრამები და გეგმები წარუდგინონ.
  7. უმნიშვნელოვანესია, რომ არჩევნების მეორე ტურის წინ პარტიებმა და კანდიდატებმა ამომრჩეველთან კომუნიკაციის დროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ნორმები დაიცვან.

აღნიშნული საარჩევნო ანალიზი ეფუძნება ჩართულ მხარეებთან 22-31 ოქტომბერს ჩატარებულ ინტერვიუებს, დისტანციურად მყოფი გრძელვადიანი ანალიტიკოსების შეფასებებს, ინსტიტუტის მიერ საქართველოში საქმიანობის 25 წლის მანძილზე დაგროვებულ გამოცდილებასა და ურთიერთობებს და სანდო, მიუკერძოებელი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიგნებებს, რომლებიც 31 ოქტომბრის არჩევნებს მთელი ქვეყნის მასშტაბით აკვირდებოდნენ. 

დღის ამბები