ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის მკვლევარი და ტელეწამყვანი იანუშ ბუგაისკი Washington times-ში საქართველოსთან დაკავშირებით სტატიას აქვეყნებს სათაურით "რატომ უნდა დაუჭიროს მხარი აშშ-ის სენატმა საქართველოს რესპუბლიკას".
საავტორო სტატიაში საუბარია იმაზე, რომ 31 ოქტომბრის დემოკრატიული არჩევნები, რომელშიც მმართველმა პარტია "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა, საქართველოს მისცემს შესაძლებლობას, განამტკიცოს თავისი კონსტრუქციული როლი სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე შავი ზღვის რეგიონში. იანუშ ბუგაისკი წერს, რომ მაშინ, როცა ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაცია ამერიკის საგარეო პოლიტიკის გადასაბარებლად ემზადება, მსოფლიოს სხვა კუთხეში ჩატარებული კიდევ ერთი არჩევნები დაეხმარება ამერიკულ ინტერესებს სტრატეგიულად მნიშვნელოვან კავკასიის რეგიონში და შავი ზღვის აუზში. იანუშ ბუგაისკი მოუწოდებს აშშ-ის სენატს, მიიღოს "საქართველოს მხარდამჭერი აქტი".
"მიუხედავად იმისა, თუ ვინ გაიმარჯვებს საბოლოოდ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში, ამერიკის ეროვნულ ინტერესებშია თანამშრომლობის გაღრმავება საქართველოს მომავალ მთავრობასთან, რომელიც მტკიცედ მიიწევს დასავლურ ინსტიტუტებთან ურთიერთობების გაფართოებისკენ. საქართველოს მხარდაჭერის აქტის მიღებით აშშ-ის სენატს შეუძლია მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა ამ პროცესში. საქართველოს არჩევნები ცხადყოფს, რისი მიღწევაა შესაძლებელი ევროპის აღმოსავლეთ ნაწილში, მიუხედავად წარსულში არსებული არასტაბილურობის პერიოდებისა. პოსტსაბჭოთა ისტორიის ადრეულ ეტაპზე საქართველოში ადგილი ჰქონდა ძალადობრივ დაპირისპირებას კონკურენტ პოლიტიკურ ფრაქციებს შორის და მოსკოვის მიერ გაღვივებულ სეპარატისტულ კონფლიქტებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, მაგრამ ბოლო სამი საარჩევნო ციკლის განმავლობაში, ქვეყანამ ამ უკიდურესად ფეთქებად რეგიონში დიდი სარგებელი ნახა მზარდი სტაბილურობის და საზოგადოებრივი კონსენსუსის წყალობით," – წერს სტატიის ავტორი.
სტატიაში ნათქვამია, რომ მიუხედავად ზოგიერთი ხარვეზისა, რომელიც ევროკავშირისა და ეუთოს დამკვირვებლებმა დააფიქსირეს, საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები კონკურენტული იყო და დაცული იყო ფუნდამენტური უფლებები.
"ამ შეფასებას მხარი დაუჭირა აშშ-ის საელჩომაც. "ქართული ოცნების" მმართველმა პარტიამ მოიპოვა ხმათა 48%. მას ასევე შეუძლია, ფართო საპარლამენტო მხარდაჭერის მოპოვება COVID-19 პანდემიის ეკონომიკურ და სოციალურ შედეგებთან საბრძოლველად,"- წერს ბუგაისკი.
პუბლიკაციაში ხაზგასმულია, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლება მზადაა, განახორციელოს სტრატეგიები, რომლებიც კიდევ უფრო დააახლოებს ქვეყანას ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ევროკავშირსა და NATO-სთან.
"საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი ქვაკუთხედია რეგიონის ეკონომიკური განვითარება, რომელსაც შეუძლია უსაფრთხოების უზრუნველყოფა, დასავლური ინვესტიციების მოზიდვა და ევროპულ ინსტიტუტებში ინტეგრაციის გაღრმავება. გაეროს გენერალურ ასამბლეაში გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ თბილისი მომავალშიც ყურადღებას გაამახვილებს ქვეყნის, როგორც რეგიონული ცენტრის, წარმოჩენაზე ბიზნესის, ენერგეტიკის, ლოგისტიკის, ტურიზმის, განათლებისა და მედიცინის თვალსაზრისით. საქართველოს აქვს ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერა ვაშინგტონში. საქართველოს მიმართ სოლიდარობისა და მხარდაჭერის დემონსტრირების მიზნით, ვაშინგტონის მიერ გადადგმული შემდეგი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება აშშ-ის სენატის მიერ საქართველოს მხარდაჭერის აქტის მიღება, რომელმაც 2019 წლის შემოდგომაზე უკვე გაიარა წარმომადგენელთა პალატა და ამჟამად განიხილება სენატში. საქართველოს მაგალითი ცხადყოფს, რომ ევროპაში მომძლავრებული ნაციონალიზმის, პოპულიზმის, იზოლაციისკენ ტენდენციების და გარე ზეწოლის მიუხედავად, დემოკრატიული სისტემები უკეთ არიან აღჭურვილნი დივერსიისგან თავის დასაცავად და მათ შეუძლიათ წვლილის შეტანა დასავლეთის უსაფრთხოებაში," - ნათქვამია სტატიაში.
სტატიაში ასევე საუბარია რუსეთის ქმედებებზე და ნათქვამია, რომ მოსკოვი ცდილობს, შეარყიოს საქართველოს დემოკრატია და ჩამოაშოროს ქვეყანა დასავლური ინტეგრაციის პროცესს, რისთვისაც იყენებს საინფორმაციო და კიბერსფეროს ომს.