17 ნოემბერი 2024,   17:46
ვრცლად
შეხვედრაზე კარლ ჰარცელმა თქვა, რომ ისინი არიან ფასილიტატორები და არა ისინი ვინც ვინმეს რამეს უბრძანებს - ნინო ბურჯანაძე

ევროკავშირის ელჩის რეზიდენცია, "ერთიანი საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ დატოვა. როგორც მან განაცხადა, ფასილიტატორებმა მწუხარება გამოთქვეს საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისის გამო და ისინი ყველანაირად ცდილობენ მხარეებს გამოსავლის გზის პოვნაში დაეხმარონ. 

ნინო ბურჯანაძის განცხადებით, მან დიპლომატებს აუხსნა, რომ პრაქტიკულად პოლიტიკური სპექტრისათვის შეუძლებელია გადაწყვეტილების მიღება, იმ პარლამენტში შესვლაზე, რომელიც არალეგიტიმურია.

"ჩვენი მეგობრები ნამდვილად დაინტერესებულები არიან იმით, რომ გამოსავალი ვიპოვოთ. ამ შეხვედრაზე მნიშვნელოვანი ფრაზა ითქვა, ბატონი კარლ ჰარცელის მხრიდან - მან თქვა, რომ ისინი არიან ფასილიტატორები, ანუ დამხმარეები კრიზისიდან გამოსასვლელად და არა ისინი, ვინც ვინმეს რამეს უბრძანებს. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს საქართველოს სუვერენიტეტისადმი პატივისცემას და ამიტომ, მადლობა მინდა ამისათვის მას ვუთხრა. ასევე, ჩვენი მეგობრები შეწუხებულები არიან ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე კრიზისით, ძალიან დეტალურად არიან საქმის კურსში ყველა გაყალბებასთან დაკავშირებით. ისინი შექმნილი ვითარებიდან გამოსავალს ეძებენ, რაც ის არის, რომ მიღებული იქნას ისეთი ორმხრივი გადაწყვეტილება, რომელიც უზრუნველყოფს პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელებას ქვეყანაში, მაგრამ მე ავუხსენი ჩვენს მეგობრებს, რომ პრაქტიკულად პოლიტიკური სპექტრისათვის შეუძლებელია გადაწყვეტილების მიღება, რომ შევიდნენ პარლამენტში, რომელიც არალეგიტიმურია.

მე მათ ავუხსენი, რომ, თუ ახლა ბიძინა ივანიშვილი ამ პროცესს მარტივად გადაიტანს და აიძულებს ყველას, რომ მისი თამაშის წესები მივიღოთ, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში არჩევნები აზრს დაკარგავს. კომპრომისი შესაძლოა იყოს ხელახალი არჩევნები და ამის ფონზე აქციების შეწყვეტა. რა თქმა უნდა, ხელახალი არჩევნების გარანტორები, იგივე ჩვენი ფასილიტატორები იქნებიან. 

რასაც ელჩები ახლა აკეთებენ, ეს მათი პირდაპირი საქმე არ არის. არცერთ ნორმალურ ქვეყანაში ეს მათ ფუნქციაში არ შედის, მაგრამ იძულებულები არიან ამაზე წამოვიდნენ, რომ ჩვენთან პოლიტიკური კრიზისი განმუხტონ. მაგრამ, მეორე მხრივ, ერთმნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურმა სპექტრმა გაითავისა, რომ ახლა ნებისმიერი შეცდომა პოლიტიკური ლიდერების მხრიდან, ნიშნავს მოსახლეობის მხარდაჭერის აბსოლუტურ დაკარგვას,"- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. 

არჩევნების მეორე ტურამდე ერთი დღით ადრე, პოლიტიკური მოვლენების ეპიცენტრი ამჯერად ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაა.

ამ წუთებში შუამავალ ელჩებთან მოლაპარაკებები განსხვავებული ფორმატით მიმდინარეობს. კელი დეგნანი და კარლ ჰარცელი პოლიტიკური პარტიების ყველა ლიდერს შეხვდებიან, თუმცა ინდივიდუალურად.

 

დღის ამბები