"ქართული ოცნება" მოლაპარაკებების მესამე რაუნდის მოლოდინშია. მმართველ გუნდში თვლიან, რომ სწორედ უცხოელი ფასილიტატორების მეშვეობით გახდება შესაძლებელი, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის დაძლევა.
ისინი დიალოგისთვის სრულ მზად ყოფნას გამოთქვამენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ მოლაპარაკებების საგანი ვერ იქნება საზოგადოების არჩევანის უპატივცემულობა და ხელახალი არჩევნების დანიშვნა. პარტიის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ ოპოზიციური პარტიები პასუხისმგებლობას გამოიჩენენ და პარლამენტში შესვლაზე უარს არ იტყვიან.
"პასუხისმგებლობა ქვეყნის, საზოგადოების წინაშე და პასუხისმგებლობა საერთაშორისო პარტნიორების წინაშე, აიძულებს ჩვენს ოპონენტებს კიდევ ერთხელ დაფიქრდნენ სიღრმისეულად, თუ რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ამ დესტრუქციას. ამას ბოიკოტი არ ჰქვია, ეს არის პირდაპირ მავნებლური პოზიცია, რომელსაც იმედია შეიცვლიან, როდესაც კარგად გააანალიზებენ იმ დამოკიდებულებას, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობას გააჩნია შექმნილი ვითარების მიმართ," - აცხადებს "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პოლიტიკურ პარტიებთან ურთიერთობის მდივანი გიორგი ვოლსკი.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ არ შეიძლება პოლიტიკურმა ჯგუფებმა ისაუბრონ ქართველი ხალხის არჩევანის გადახედვაზე:
"გადამწყვეტია, რომ განწყობილი იყოს ყველა მხარე იმისთვის, რომ კომპრომისი რეალურად გაჩნდეს. არ შეიძლება პოლიტიკურმა ჯგუფებმა ისაუბრონ ქართველი ხალხის არჩევანის გადახედვაზე. ვფიქრობ, რომ ყველა შემთხვევაში, მოლაპარაკების პროცესში უპირველესი ამოცანაა, რომ მოინახოს გზები, საშუალებები და თემები, რაზეც შეიძლება გაიმართოს დისკუსია და შესაბამისად, ეს გახდეს კომპრომისის თუ მოლაპარაკების საგანი," - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.