ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებას, სადაც ისინი საქართველოში არსებულ ყველა პოლიტიკური პარტიას, პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებენ, პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, პარტნიორების გზავნილი მათთვის მნიშვნელოვანია, თუმცა დღეს არსებულ კრიზისზე პასუხისმგებლობა საქართველოში ორ ძალას აკისრია და აქედან, მმართველ გუნდს აქვს ძალა განმუხტოს არსებული მდგომარეობა.
"ჩვენ პარლამენტში შესვლას არ ვაპირებთ, ერთადერთი გამოსავალი შექმნილი ვითარებიდან არის ხელახალი არჩევნები. რაც შეეხება ჩვენი მეგობრების გზავნილს, ბუნებრივია, არც ერთი მათგანი არ მოგვიწოდებს და არ გვეტყვის იმას, რომ პარლამენტში არ შეხვიდეთო. ეს დიპლომატების მოვალეობა და ვალდებულებაა. თუმცა, ამავე დროს, შექმნილ ვითარებაზე ორივე მხარეს აკისრია მოვალეობა და ჩვენ, ჯერჯერობით, ვერ ვნახეთ ვერცერთი ნაბიჯი ხელისუფლების მხრიდან, რომ ის მზად არის განმუხტოს ის პოლიტიკური კრიზისი, რომელიც დღეს ქვეყანაშია. უკვე მოლაპარაკების ორი რაუნდი იყო, სადაც მხარეებმა სრულიად განსხვავებული პოზიციები გავცვალეთ," - აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ზაალ უდუმაშვილი.
"ევროპულ საქართველოშიც" იმავე აზრზე არიან და აცხადებენ, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, მათთვის ქართველი ამომრჩევლის დაკვეთა არანაკლებ მნიშვნელოვანია.
"კომუნისტურ პარტიასაც რომ ვერ წარმოედგინა, რომელიც პოლიტიკური მემკვიდრეც არის "ქართული ოცნება" ერთპარტიულ არჩევნებში, ოქმების გადასწორებისა და გაყალბების გზით, კანდიდატებისთვის დაწერილი 100%-იანი შედეგი. ეს კი იმის დასტურია, რომ ოპოზიციურ პარტიებს, არ გააჩნიათ მორალური უფლება, რომ მისცენ ლეგიტიმაცია ამ ე.წ პარლამენტს. ჩვენ დიდი პატივისცემით ვეპყრობით ევროკავშირის განცხადებას, მაგრამ ამავე დროს, ჩვენთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოების დაკვეთა," - აღნიშნავს "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი კანდელაკი.
პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" პოლიტიკური საბჭოს წევრი სერგო ჩიხრაძე კი აცხადებს, რომ ისინი იზიარებენ საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებებს და სწორედ ამიტომ გამოთქვეს მზადყოფნა დიალოგისთვის. თუმცა, სერგო ჩიხრაძე ასევე აღნიშნავს, რომ ვინც არ უნდა მოუწოდოს მათ ჯერ პარლამეტში შესვლაზე და პრობლემების შემდეგ მოგვარებაზე, ამას ოპოზიცია არცერთ შემთხვევაში არ დათანხმდება.
ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოს სჭირდება ქმედითი პარლამენტი, როგორც ცენტრალური ფორუმი პოლიტიკური დებატებისთვის, სადაც ყველა პარტია რეფორმების გასატარებლად ერთად იმუშავებს.
"დღეს დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც უმრავლესობის, ისე ოპოზიციური პარტიების პოლიტიკურ ლიდერებს, რომ გამონახონ საერთო ენა საერთო მიზნის მისაღწევად, რაც საქართველოს შესაძლებლობას მისცემს ეფექტიანად გააგრძელოს დემოკრატიული გზით სვლა," – ნათქვამია განცხადებაში.