აშშ-ის ელჩის რეზიდენცია ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა უკვე დატოვა. როგორც ელჩებთან შეხვედრის შემდეგ შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, დეტალებზე ვერ ისაუბრებს, თუმცა ამბობს, რომ მოლაპარაკებების შედეგს ელოდება.
"როგორც საერთაშორისო პრაქტიკაშია მიღებული, ამგვარი სახის მოლაპარაკებათა შინაარსის გამოტანა გარეთ დაუშვებელია. მაგრამ ვიმეორებ, ყველაფერი უცნობი, კარგად ცნობილი გახლავთ.
ჩვენი პოზიცია გახლავთ ის, რაც იყო დეკლარაციაზე ხელმოწერის დროს, პარლამენტი არ უნდა შედგეს, უნდა ჩატარდეს ხელახალი დემოკრატიული, სამართლიანი არჩევნები, უნდა გამოირიცხოს ძალაუფლების უზურპაცია, ხალხის ნების ფეხქვეშ გათელვა და საზოგადოებამ უნდა მიიღოს უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, სადაც თანაბრად იქნება ასახული ყველა ამომრჩევლის ხმა.
ევროპამ მიაღწია დიდი ბრძოლების შედეგად იმას, რასაც დღეს ვუწოდებთ ცივილიზებულ არჩევნებს, შესაბამისად, ევროპას კარგად ესმის, რა გზას ვადგავართ ჩვენ და რა ბრძოლებს და იმავდროულად, ჩვენ არ უნდა დაგვჭირდეს რევოლუციები და სამოქალაქო დაპირისპირებები, იმიტომ რომ ასეთი მოკავშირეები გვყავს.
ევროპელების მხარდაჭერა იქიდან იგრძნობა, რომ ფასილიტატორებად სხედან მაგიდასთან. ევროპელები ჩვენს მაგივრად ვერ იტყვიან უარს პარლამენტში შესვლაზე და ვერ წამოაყენებენ წინადადებებს, რომელიც ჩვენი წამოსაყენებელია.
მე პირადად შედეგს ველოდები და შედეგი იქნება ის, რომ ივანიშვილის რეჟიმი აღიგვება პირისგან მიწისა, ეს ქართველი ხალხის ნებით მოხდება და რა თქმა უნდა, ამას მიიღებს ცნობად მთელი დანარჩენი სამყარო," - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
აშშ-ის ელჩის რეზიდენცია დატოვა პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” თავმჯდომარემაც.
"გამოსავალი ჩვენი სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი, რომ შეიცვალოს საარჩევნო ადმინისტრაცია და ჩატარდეს ახალი არჩევნები. ნებისმიერი სხვა მცდელობა, რომელიც ოცნების მხრიდან იქნება ჩატარებული, სხვადსხვა გზავნილების გაგზავნა სხვადასხვა პარტიებთან, იქნება უშედეგო, იქიდან გამომდინარე, რომ ამ ქვეყანას სჭირდება სწრაფი გადაწყვეტილებები, თუ ჩვენ ყველა ერთად გვინდა რომ გავიდეთ ამ ძალიან მძიმე პოლიტიკური, ეკონომიკური, პანდემიური სიტუაციიდან,“ - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” გენერალური მდივანი, ირმა ინაშვილი ახალი არჩევნების ჩატარების თაობაზე მყარ გარანტიებს ითხოვს.
"ჩვენი პარტია და მე არ ვაპირებთ პარლამენტში შესვლას თუ არ იქნება მკაფიოდ დაფიქსირებული არა მარტო პოზიცია, არამედ 8 მარტის ტიპის შეთანხმება უნდა შედგეს, მემორანდუმი, ძალიან მყარი გარანტიებით ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, რომ ინიშნება ახალი არჩევნები. აი ასეთ შემთხვევაში უკვე ვილაპარაკებთ ჩვენ იმ ცვლილებებზე, რაზეც მე უკვე ვისაუბრე,“ - აცხადებს ირმა ინაშვილი.