გერმანიის ბუნდესტაგის წევრი და გერმანულ-ქართული ფორუმის თავმჯდომარე აქსელ ფიშერი 2020 წლის 12 ივნისს, სოჭში შეხვედრის ფარგლებში, ვლადიმირ პუტინისა და აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ლიდერის, ასლან ბჟანიას შეთანხმებას ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის შექმნასთან დაკავშირებით, სოციალურ მედიაში ეხმაურება.
ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.
უწყების ცნობით, ფიშერი აღნიშნავს, რომ შესაბამისი სამწლიანი, საკმაოდ მოცულობითი "პროგრამის" მიზანია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. კანონმდებლობის დაახლოება რუსეთის და ევრაზიული ეკონომიკური კავშირის კანონებთან და რეგულაციებთან, რაც ითვალისწინებს ისეთ სახიფათო პროცესებს, როგორებიცაა, მაგალითად, "ორმაგი მოქალაქეობის" მიღების გამარტივება.
"გვსურს განსაკუთრებით გავამახვილოთ თქვენი ყურადღება რუსეთის ჰიბრიდული პოლიტიკის ამ მორიგ ნაბიჯზე, რადგან აღნიშნული განზრახვის სრულყოფილი რეალიზაციის შეთხვევაში, აფხაზეთი ფაქტობრივად იქცევა რუსეთის სოციალურ-ეკონომიკური სივრცის ნაწილად,"- წერს საკუთარ Facebook-ის გვერდზე აქსელ ფიშერი.