17 ნოემბერი 2024,   17:47
ვრცლად
არავინ აპირებს ტრუსი გადაუგდოს ყაჩაღს, რომელმაც მას ტანსაცმელი გახადა - ნათელაშვილი საბიუჯეტო დაფინანსების მიღებაზე

"ლეიბორისტული პარტია"  ბიუჯეტიდან დაფინანსებას მიიღებს. ამის შესახებ დღეს პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ღიად განაცხადა.

"თუ ახლა ივანიშვილს უნდა, რომ როგორც ყაჩაღი გახდის ტანსაცმელს, გაძარცვავს გამვლელებს და მერე ის გამვლელი ტრუსსაც გაიხდის და ყაჩაღს გადაუგდებს, ამას არავინ არ აპირებს,"-განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ოპოზიციური პარტიების უმეტესობამ, ვინც ერთპროცენტიანი საარჩევნო ბარიერი გადალახა, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საბიუჯეტო დაფინანსების მოთხოვნით უკვე მიმართა. მათ შორის არის "ევროპული საქართველოც", რომლის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ პარტიას დაფინანსება სამომავლო ფუნქციონირებისთვის სჭირდება.

"ამ დაფინანსებას აქვს საპარლამენტო კომპონენტი და თუ ამაში არ მონაწილეობ, ეს დაფინანსება ვერ და არ უნდა აიღო. მაგრამ, პარტიის ფუნქციონირებისთვის,პარტიას, რომელსაც მეტი მხარდაჭერა აქვს, და ჩვენ გვაქვს მეტი მხარდაჭერა, ისევე, როგორც ყველა პარტიას, ვიდრე ამ მანიპულაციების შედეგად დაგვიწერეს, აბსოლუტურად ბუნებრივი და ლოგიკურია ამ უთანასწორო დაპირისპირებაში ივანიშვილის რეჟიმთან,"-განაცხადა გიგა ბოკერიამ.

დაფინანსებაზე უარს არც "ნაციონალური მოძრაობა" ამბობს.პარტიის წევრის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, ამ თემასთან დაკავშირებით ოპოზიციურმა პარტიებმა გადაწყვეტილება ინდივიდუალურად უნდა მიიღონ.

"არჩევნები არის გაყალბებული და არალეგიტიმური. ამ შემთხვევაში, ამ თემაზე ყველა პარტია მიიღებს ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას. აბსოლუტურად ყველა პარტიის გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ, მაგრამ ეს არანაირად ხელს არ შეუშლის ჩვენს ერთობას და იმ მიზანს, რისთვისაც ვიბრძვით ამდენი ხანია. ჩვენ, შეიძლება, სხვადასხვა საკითხზე გვქონდეს განსხვავებული მოსაზრებები, მაგრამ მთავარში ვართ ერთი - არ შევდივართ პარლამენტში, ვიდრე ამ ქვეყანაში არ ჩატარდება ხელახალი არჩევნები,"-განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა. 

"ლელოს" წევრის, საბა ბუაძის თქმით, პარტიამ საბიუჯეტო დაფინანსების მიღების გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ის პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელებისთვისაა აუცილებელი.

"არ ვაპირებთ, რომ ავიღოთ საპარლამენტო დაფინანსება, თუმცა, საბიუჯეტო დაფინანსება, რომელიც პარტიებისთვის არის გამოყოფილი, გადავწყვიტეთ რომ ავიღოთ, რადგან ის პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელებისთვის არის აუცილებელი,"-განაცხადა საბა ბუაძემ. 

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის, სერგო ჩიხლაძის თქმით, პარტიებს სხვა ბერკეტი დაფინანსების მიღებისთვის არ აქვთ. 

"პარლამენტში საქმიანობისთვის სხვა დაფინანსება და, ზოგადად, ოპოზიციური პარტიების დაფინანსებისთვის სხვა დაფინანსება არ არსებობს, გარდა "ქართულ ოცნებისა", რომელსაც აქვს სხვა შემოსავლები,"-განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

დაფინანსებაზე უარს ამბობს პარტია "გირჩი" და "მოქალაქეები". ამასთან დაკავშირებით "გირჩმა" დღეს განცხადება გაავრცელა. 

"მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი კი მიიჩნევს, რომ თუკი არჩევნების შედეგებს არ აღიარებ, საბიუჯეტო დაფინანსებაზეც უარი უნდა თქვა. 

"თუ იმ შედეგებს არ ცნობ, რაც ცესკომ დაწერა, თუ იმ რაოდენობის ხმებს არ ცნობ, რაც ცესკოს მიერაა გამოცხადებული, ამ ფორმულით დაანგარიშებულ თანხას რატომ ცნობ და რატომ იღებ - ეს არის გაუგებარი, ჩვენთვის, ჩვენი პარტიისთვის გაუგებარია. ბოიკოტი ჩვენთვის იმასაც გულისხმობს, რომ ცესკოს შედეგების მიხედვით დაანგარიშებული თანხა არ უნდა აიღო, არა მარტო პარლამენტში არ უნდა შეხვიდე,"-განაცხადა ალეკო ელისაშვილმა. 

დღის ამბები