26 მაისი 2024,   22:02
ვრცლად
უკვე მეხუთე დღეა დაკავებული ბელარუსი ჟურნალისტის დედა შვილის გათავისუფლებას ითხოვს

უკვე მეხუთე დღეა, დაკავებული ჟურნალისტის დედა ნატალია პროტასევიჩი შვილის გათავისუფლებას ითხოვს. სამშობლოდან პოლონეთში გახიზნული ლუკაშენკოს რეჟიმის მხრიდან მის ოჯახზე განხორციელებულ ზეწოლას იხსენებს და საერთაშორისო საზოგადოებას დახმარებისკენ მოუწოდებს.

ათენი-ვილნიუსის რეისის ინციდენტს დასავლეთში მწვავე რეაქციები უკვე მოჰყვა. ბელარუსის ქმედებები ერთმანეთის მიყოლებით დაგმეს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა, NATO-მ და ევროკავშირმა. საერთაშორისო ორგანიზაციებში ეჭვი არ ეპარებათ, რომ საჰაერო მეკობრეობის უპრეცენდენტო ფაქტზე ლუკაშენკოს რეჟიმი მოსკოვთან კოორდინირებულად მოქმედებდა.

გაეროს მოწოდებით სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია "რაინეარის" თვითმფრინავის იძულებით დაშვების ინციდენტს გამოიძიებს. დასკვნა ივნისის ბოლოს გახდება ცნობილი. გამოძიებაში მონაწილეობაზე უარი თქვეს ჩინეთმა და რუსეთმა. მოსკოვმა მოკავშირე ბელარუსს სოლიდარობაც გამოუცხადა და ფრანგულ-ავსტრიულ ავიაკომპანიებს საჰაერო სივრცის გამოყენებაზე უარი უთხრა.

დღეს ალექსანდრ ლუკაშენკო ვლადიმერ პუტინს სოჭში შეხვდა. განხილვის მთავარი თემა ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობების გაღრმავება იყო. ეს ბოლო სამი თვის განმავლობაში ლუკაშენკოს, როგორც მას დასავლეთი უწოდებს - "ევროპის უკანასკნელი დიქტატორის", მოსკოვში მეოთხე ვიზიტია.

ავტორი: ანი მურადაშვილი

დღის ამბები