დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ჯაბა სირბილაძემ, ყოფილ სანატორიუმ "ქართლში" მცხოვრებ დევნილებთან მორიგი შეხვედრა გამართა.
სააგენტოს დირექტორმა იძულებით გადაადგილებულ პირებს ორი კვირის განმავლობაში მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით შესრულებული სამუშაოებისა და მიღწეული შედეგების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
ამ მიმართულებით, უმოკლეს ვადაში არაერთი ქმედითი ნაბიჯი გადაიდგა. აღსანიშნავია, რომ კიდევ სამმა ოჯახმა მოიძია საცხოვრებელი ფართები, რომლებიც სააგენტომ შეუსყიდა.
ჯამში, ყოფილ სანატორიუმ "ქართლის" შენობაში მცხოვრები, 36 დევნილი ოჯახი უკვე განსახლდა და პროცესი მომავალშიც დაჩქარებული ტემპით გაგრძელდება.
გაცემული დაპირების შესაბამისად, 2022 წელს, ეტაპობრივად, "ქართლში" მცხოვრები ყველა დევნილი სათანადო საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდება.
სააგენტოში გამართულ შეხვედრას, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი და დევნილთა ინტერესების დამცველი იურისტი ესწრებოდნენ.