საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მოსახლეობის პრეტენზიები კომუნალური გადასახადების დაანგარიშებასთან დაკავშირებით გაზრდილია. სწორედ ამიტომ, ირაკლი ღარიბაშვილმა ფინანსთა მინისტრს ამ საკითხში საგამოძიებო სამსახურის ჩართვა მოსთხოვა:
"კომუნალური გადასახადების დაანგარიშებასთან დაკავშირებით ბოლო რამდენიმე კვირაა ბევრი ჩვენი მოქალაქე იღებს არასაკმარისად არგუმენტირებულ პასუხებს, თუ ამას შეიძლება არგუმენტირებული უწოდოს. რაც დამატებითი სპეკულაციების საშუალება გახდა. ვიცი რომ ამ საკითხზე სემეკმა დაიწყო შესწავლა და გააკეთა განმარტება, რომ სამუშაო ჯგუფი ადგილზე სწავლობს თელმიკოსა და თელასის აღრიცხვის სისტემებს. მაგრამ სრული სურათის დასადგენად მე მივიღე გადაწყვეტილება და მინდა ვთხოვო და დავავალო ლაშა ხუციშვილს, რომ თელმიკოს მიერ მოსახლეობისთვის დარიცხული თანხების სისწორის და კანონიერების შესწავლის პროცესში ჩაერთოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიც და გონივრულ ვადებში წარმოადგინოს შესწავლის შედეგები," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, აუცილებელია მოსახლეობას უმოკლეს ვადებში გაეცეს არგუმენტირებული პასუხები.