26 მაისი 2024,   23:28
ვრცლად
არიან ძალები, რომლებიც საზოგადოებისათვისაც "გაშიფრულები" არიან - გია ვოლსკი სუსის ანგარიშთან დაკავშირებით ოპოზიციის კრიტიკას არ იზიარებს 

სუს-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს შეფასებები მოჰყვა მმართველ გუნდშიც - მათი განმარტებით, კიდევ ერთხელ გამოიკვეთა უწყების მხრიდან გადადგმული სწორი ნაბიჯები და ხედვა. დეპუტატები იზიარებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ფაქტების ნამდვილობას და საფრთხედ როგორც რუსეთის მხრიდან განხორციელებულ ოკუპაციას, ასევე ქვეყნის შიგნით მყოფ ძალებსაც მიიჩნევენ, რომლებიც ცდილობენ არეულობის შექმნას.

"უსაფრთხოების სამსახურის ანგარიში არის საკმაოდ მაღალ პროფესიულ დონეზე შექმნილი დოკუმენტი. ის მოიცავს ისეთ ჩანაწერებს, როგორიც არის ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული უსაფრთხოების გამოწვევები, რისკები, მათი სხვადასხვა გამოვლინებები და ის ნაბიჯები, რასაც უსაფრთხოების სამსახური დგამდა აღნიშნულის საპასუხოდ საანგარიშო პერიოდში.

ვიზიარებ უსაფრთხოების სამსახურის სულისკვეთებას. აბსოლუტურად ვეთანხმები მათ განცხადებებს, მათ შეფასებებს და სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ სამსახურს მისი მანდატით განხორციელებული უფლებამოსილების შესრულებაში," - განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი არ იზიარებს ოპოზიციის კრიტიკას სახელმწიფო უსაფრთხოების ანგარიშის შესახებ და ამბობს, რომ არიან ძალები, რომლებიც არა მარტო სუს-ისთვის, არამედ მთელი საზოგადოებისთვის უკვე "გაშიფრულები" არიან.

"რაზედაც არის საუბარი სუს-ის ანგარიშში, არა მარტო ინფორმაციის სახით არის წარმოდგენილი საზოგადოების საყურადღებოდ, არამედ ამ მიმართულებებით მიმდინარეობს სერიოზული მუშაობა. არიან ძალები, რომლებიც არა მარტო სუს-ისთვის, არამედ მთელი საზოგადოებისათვის უკვე გაშიფრულებიც არიან და რამხელა რესურსი არის მობილიზებული მათ მიერ იმისათვის, რომ როგორმე შეარყიონ ამ ქვეყანაში სტაბილურობა," - აცხადებს გია ვოლსკი.

ცნობისთვის, საუბარია ანგარიშზე, რომელიც გუშინ სუს-მა გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის ძირითად საფრთხეს კვლავ რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია წარმოადგენს.

დღის ამბები