27 მაისი 2024,   07:52
ვრცლად
საქართველოში ყველაზე მაღალი ცათამბჯენი, "Axis Towers" - ი გაიხსნა

16 ივნისს, დედაქალაქის ცენტრში, ჭავჭავაძის გამზირზე საქართველოში ყველაზე მაღალი ცათამბჯენი, "Axis Towers"- ი გაიხსნა.

"Axis Towers- ი" დეველოპერული კომპანია „Axis“-ის და საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ერთობლივი პროექტია.

"Axis Towers-ი" თანამედროვე, მოდერნისტული ნაგებობაა, რომელიც პიედესტალისა და ორი კოშკისგან შედგება, რომელთა სიმაღლე 147 მეტრს აღწევს. შენობა 41-სართულიანია, 4 სართული მიწის ქვეშ, ხოლო 37 - მიწის ზემოთ მდებარეობს.
შენობის თეთრი კოშკი საცხოვრებელ ნაწილს ეთმობა, ხოლო შავ კოშკში ბიზნესცენტრია განთავსებული. გარდა ამისა, შავ კოშკში, მე-19 სართულიდან განლაგებულია „Accor Group”-ში შემავალი, პრემიუმ კლასის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო "Pullman-ი".
აღსანიშნავია, რომ "Axis Towers- ი", რეგიონის მასშტაბით, პირველი მსოფლიო სავაჭრო ცენტრია (WTC).

"Axis towers- ი", არქიტექტურული და ინჟინრული თვალსაზრისით, ინოვაციური პროექტია. კოშკების თითოეული სართული ბირთვის გარშემო 2 გრადუსით ბრუნავს, თუმცა, ერთმანეთთან მიმართებით, სარკისებურად მოძრაობენ. ეს შენობას კიდევ უფრო მეტად უნიკალურს ხდის, რადგან იგი თბილისის სხვადასხვა წერტილიდან განსხვავებულად მოჩანს.
"Axis Towers-ი" გამორჩეულია იმითაც, რომ ერთდროულად დეველოპმენტის 5 მიმართულებას მოიცავს: საცხოვრებელ, სასტუმრო, კომერციულ, საოფისე და გასართობ ფუნქციებს.

აქ დაგხვდებათ ფრანგულ ბრენდ "Accor Group"-ში შემავალი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო "Pullman-ი"; ქალაქში ყველაზე დიდი ველნეს ცენტრი: 25-მეტრიანი საცურაო აუზი, მოძრავი გადახურვით და ღია ვერანდით, პროფესიონალურად აღჭურვილი ფიტნესსივრცე და სპა ცენტრი; 12 რესტორანი და 7 ბარი; საფეხმავლო ქუჩა - რეკრეაციული სივრცე, სადაც, ასევე, განთავსებულია კაფე-რესტორნები.

სასტუმროს პიედესტალში კონცენტრირებულია მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანი სივრცეები ბიზნესშეხვედრებისთვის: 2000 კვადრატულ მეტრზე გადაჭიმული საკონფერენციო სივრცეები; 7 შეხვედრების ოთახი და თბილისში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბოლრუმი, რომელიც 800 კვადრატულ მეტრს მოიცავს. მასში ჩაშენებულია 4 სინქრონული თარგმნის ჯიხური და მისაღები სივრცე, ტერასით.

"Axis Towers-ის" საერთო საინვესტიციო მოცულობა 150 მლნ დოლარს აჭარბებს. პროექტის განხორციელებაში მონაწილეობა, ასევე, მიიღო "საქართველოს ბანკმა".
საზეიმო გახსნის ღონისძიებას საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მთავრობის წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.

დღის ამბები