30 დეკემბერი 2024,   21:27
ვრცლად
სამუშაო ჯგუფის შეხვედრა პარლამენტში - რა რეკომენდაციები გამოიკვეთა ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების ფარგლებში

პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის გაზრდაზე, საპროცედურო კომიტეტის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრები 3 საათზე მეტი ხნის განმავლობაში მსჯელობდნენ. ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების ფარგლებში რამდენიმე მიმართულება გამოიკვეთა. სამუშაო პროცესში ჩართული ოპოზიცია ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ საჭიროა პრემიერის პარლამენტში მოსვლის სიხშირე გადაიხედოს და ასევე ცვლილება შეეხოს ინტერპელაციისა და მინისტრის საათის ფორმატებს. ყველა ამ მიმართულებაზე მუშაობის აუცილებლობას ოპოზიცია იმით ხნის, რომ პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის გაზრდა მნიშვნელოვანია.

შეხვედრის შემდეგ ოპოზიციას დარჩა განცდა, რომ სახელისუფლებო გუნდთან მუშაობით კონკრეტულ შედეგამდე მივლენ. ამას არც მმართველ პარტიაში გამორიცხავენ. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ პარლამენტში ინტერპელაციის რაოდენობა შესაძლოა, გაიზარდოს. რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტის წევრთა შვიდკაციან ჯგუფს ან ფრაქციას უფლება აქვს, კონკრეტული შეკითხვით მიმართოს მთავრობას, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ სხვა ორგანოს და მთავრობის წევრს. ადრესატი კი ვალდებულია პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შეკითხვას პირადად უპასუხოს ან პასუხი წერილობითი ფორმით წარადგინოს.

როგორ უნდა გაუმჯობესდეს საპარლამენტო ზედამხედველობა - ამ საკითხზე პოლიტიკოსების გარდა, არასამთავრობო სექტორის ნაწილიც მუშაობს. თემატურ ჯგუფთან ერთად მსჯელობაში დღეს ორგანიზაცია "დემოკრატიის ინდექსი-საქართველოს" წევრიც მონაწილეობდა. ეკა ციმაკურიძის თქმით, არსებობს საკითხები, რომელზეც პოზიციები დაახლოვებულია. ამ პროცესში კი მესამე სექტორის ჩართულობას მნიშვნელოვნად მიიჩნევს. 

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, რამდენიმე წლის წინ განხორციელებულ რეგლამენტის ფუნდამენტურ რეფორმას იხსენებს და აცხადებს, რომ ცვლილებებმა საპარლამენტო როლი და საზედამხედველო ფუნქცია გაზარდა. მიუხედავად ამისა არჩილ თალაკვაძე გარკვეული კორექტივების შემუშავებაში პრობლემას ვერ ხედავს და ამბობს, რომ ჯერ კიდევ რჩება სივრცე, პარლამენტის მუშაობა გაუმჯობესდეს.

პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის გაზრდაზე თემატურმა ჯგუფმა დღეს მესამე შეხვედრა გამართა. ყველა საკითხი, რომელზეც მხარეები პოზიციების შეჯერებას შეძლებენ ერთ დოკუმენტში უნდა მოექცეს და პარლამენტს განსახილველად საშემოდგომო სესიაზე სექტემბერში უნდა წარედგინოს.

დღის ამბები