26 მაისი 2024,   23:29
ვრცლად
როგორია საგარეჯოში სროლის შედეგად დაჭრილი 24 წლის მამაკაცის მდგომარეობა - ექიმის ინფორმაციით, კიდევ ორ დაჭრილს მალე სახლში გაწერენ

20 იანვრის ტრაგედიის შედეგად სამი დაშავებული ამ დრომდე საგარეჯოს კლინიკა "ჯეო ჰოსპიტალსში" რჩება. საავადმყოფოს ხელმძღვანელის ინფორმაციით, მძიმე რჩება 24 წლის ახალგაზრდის მდგომარეობა, თუმცა შეინიშნება დადებითი დინამიკა.

რაც შეეხება დანარჩენ ორს, კლინიკიდან მათი გაწერა უახლოეს დღეებში იგეგმება.

"სამი პაციენტი განაგრძობს მკურნალობას, აქედან ორის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და უახლოეს დღეებში იგეგმება მათი გაწერა.  24 წლის მამაკაცი კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში შედარებით სტაბილურად არის, თუმცა რჩება ისევ მართვით სუნთქვაზე, სტაბილურად მძიმე მდგომარეობაში," - აცხადებს "ჯეო ჰოსპიტალსის" საგარეჯოს სამედიცინო ცენტრის დირექტორი მამუკა ოთიაშვილი.

პარალელურად, საგარეჯოში მომხდარ ტრაგედიაზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება, იკითხებიან მოწმეები.

ამასთან, დღეს ვაზისუბანში წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარში გაიმართება გარდაცვლილი პოლიციელის სამოქალაქო პანაშვიდი, ხვალ კი ოთარ ღვინაშვილს მშობლიურ სოფელში დაკრძალავენ. 37 წლის სამართალდამცველი ერთ-ერთი იყო იმ 5 მამაკაციდან, რომელიც ნოდარ ათუაშვილის მიერ ნასროლ ტყვიას ემსხვერპლა.

დღის ამბები